მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი ირანთან ომის “დასრულებაზე” მიანიშნებს, თუმცა რეგიონში დამატებით ძალებს აგზავნის - Al Jazeera

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში სამხედრო ოპერაციების "დასრულებას" განიხილავს. ეს განცხადება იმ ფონზე კეთდება, როდესაც მისი ადმინისტრაცია რეგიონში დამატებით 2 500 საზღვაო ქვეითს აგზავნის და კონგრესს ომის დასაფინანსებლად დამატებით სახსრებს სთხოვს - წერს Al Jazeera.

პარასკევს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ "ძალიან ახლოს არის მიზნების მიღწევასთან, რადგან ახლო აღმოსავლეთში ჩვენი დიადი სამხედრო ძალისხმევის დასრულებას განვიხილავთ".

ტრამპის ამ არაერთგვაროვან გზავნილს წინ უძღოდა ნავთობზე ფასების მორიგი ზრდა, რამაც აშშ-ის საფონდო ბირჟების ვარდნა გამოიწვია. ამასთან, საწვავის გაძვირებასთან საბრძოლველად, ადმინისტრაციამ გემებზე უკვე დატვირთულ ირანულ ნავთობზე სანქციების მოხსნის შესახებ განაცხადა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ტრამპის გზავნილის შემდეგ X-ზე დაწერა: „პრეზიდენტმა და პენტაგონმა იწინასწარმეტყველეს, რომ ამ მისიის შესრულებას დაახლოებით 4-6 კვირა დასჭირდებოდა“.

Al Jazeera-ს კორესპონდენტის, როზილანდ ჯორდანის რეპორტაჟის თანახმად, ვაშინგტონიდან მომდინარე 4-6 კვირა არის "ახალი ვადა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ოპერაცია Epic Fury-ის სავარაუდო დასრულებისთვის ასახელებს".

თუმცა, სამკვირიანი ომის შენელების ნიშნები არ ჩანს. აშშ-ისრელის ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანსა და მიმდებარე ტერიტორიებზე იერიშები მაშინ მიიტანეს, როცა ქვეყანა სპარსული ახალი წლის, ნოვრუზის პირველ დღეს აღნიშნავდა. გილანის პროვინციის გუბერნატორის ცნობით, ჩრდილოეთ ირანში, სოფელ დასტაკის საცხოვრებელ უბანზე დაბომბვის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, შაბათს ირანმა ორი ბალისტიკური რაკეტა ინდოეთის ოკეანეში, დიეგო გარსიას სამხედრო ბაზისკენ გაისროლა, რომელსაც აშშ და გაერთიანებული სამეფო ერთობლივად მართავენ.

ხელისუფლების ცნობით, ომის განმავლობაში ირანში 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ლიბანში ისრაელის დაბომბვებს 1 000-ზე მეტი ემსხვერპლა. ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში ირანულ რაკეტებს სულ მცირე 18 ადამიანი შეეწირა, ხოლო ამ დრომდე დაღუპულია აშშ-ის სულ მცირე 13 ჯარისკაცი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები