ირლანდიის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) ახალი ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში სათბურის აირების ემისიები 30-წლიან მინიმუმზეა - ამის შესახებ BBC იტყობინება.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, 2023 წელს ემისიები ირლანდიის თითქმის ყველა სექტორში, ჯამში 6.8%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ეს შემცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ირლანდიის ეკონომიკა რეცესიაში იყო. ასევე, ირლანდიის ემისიების კლება ზედიზედ მეორე წელია ფიქსირდება.
მიუხედავად ისტორიული რეკორდისა, EPA-ს ინფორმაციით, ირლანდია კვლავ შორსაა 2030 წლისთვის ეროვნული და ევროკავშირის კლიმატის მიზნების მიღწევისგან. სააგენტოს გენერალური დირექტორი მაინც აღნიშნავს, რომ “შედეგები შესამჩნევია და კლიმატმოქმედებასა და დეკარბონიზაციისთვის მიღებულ ზომებს დადებითი გავლენა აქვს ირლანდიის ეკონომიკასა და საზოგადოებაზე”.
EPA-ს ინფორმაციით, ემისიები ყველაზე მკვეთრად, 21.6%-ით, ენერგეტიკის სექტორში შემცირდა, რაც ელექტროენერგიის იმპორტის, ქსელში განახლებადი ენერგიის წილის ზრდითა და წარმოებისთვის ქვანახშირის, ნავთობისა და ტორფის გამოყენების შემცირებით აიხსნება.
რაც შეეხება სხვა სექტორებს, სოფლის მეურნეობაში ემისიები 4.6%-ით შემცირდა, რეზიდენტულ სექტორში კი - 7%-ით. ამავე დროს, სატრანსპორტო სექტორის ემისიები მცირედით, 0.3%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის კლიმატის შეთანხმების ფარგლებში, ირლანდიის მწვანე მიზანი, საკუთარი ემისიების 51%-ით შემცირებაა.