„ქართული ოცნების“ დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველომ გამჭვირვალობის კანონი მიიღო, რომელიც ევროკავშირის 12 ქვეყანას უკვე მიღებული აქვს, ხოლო დანარჩენი 15 - ამაზე მუშაობს.
მისი მტკიცებით, სხვა ქვეყნებში ბევრად უფრო მკაცრი კანონმდებლობა და რეგულაციები აქვთ, შესაბამისად, კანონი, რომელიც ევროპაში არის დემოკრატიული, საქართველოში ანტიევროპული ვერ იქნება.
„საქართველომ გამჭვირვალობის შესახებ მიიღო ისეთი კანონი, როგორიც აქვს ევროკავშირის 12 ქვეყანას. ხოლო, დანარჩენი 15 სახელმწიფო ამაზე მუშაობს. ბოლოს ესპანეთმა მიიღო, ჩვენზე ბევრად მკაცრი რეგულაციები. უფრო მკაცრი კანონმდებლობა აქვს ამერიკას, ისრაელს, ავსტრალიას. ასე რომ, გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერც ანტიევროპული, ვერც რეპრესიული და ის რაც ევროპაში არის დემოკრატიული, საქართველოში ვერ იქნება ანტიევროპული. გამჭვირვალობა არის დემოკრატიის მთავარი პირობა. ინფორმირებულობა არის დემოკრატიის მთავარი პირობა. ვინც ამას უპირისპირდება და ამბობს საწინააღმდეგოს, თითქოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და გამჭვირვალობა არის ანტიევროპული, როგორც ჩანს იმ ადამიანებს აქვთ რაღაც დასამალი და ამ თვეებმა, კანონის მიღების შემდეგ მართლაც დაგვანახა, რომ რაღაც ჰქონიათ დასამალი.
აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო აღმოჩნდა პარტია და ზოგიერთი პარტია, არასამთავრობოს ეგიდით იღებს დაფინანსებას. მათ აქვთ ერთი საერთო ინტერესები, ერთი გეგმა და არანაირი სამოქალაქო საზოგადოების იდეალები არ აწუხებთ. მეტიც გამოჩნდა, რომ ის, რასაც თავად აკრიტიკებდნენ, თვითონ აკეთებენ ამ ყველაფერს ყველაზე უხეში ფორმებით.
ორგანიზაციას, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოთქვა, [სხვა ორგანიზაციებმა] ყველაზე უხეში ფორმით მოახდინეს ზეწოლა ამ ორგანიზაციაზე და 24 საათში აიძულეს, რომ გადაწყვეტილება შეეცვალათ. ამის შემდეგ რა ფასეულობებსა და ღირებულებებზე უნდა ისაუბრონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა“,-აცხადებს თალაკვაძე.
მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არანაირ რეპრესიებს და უკანონო ზეწოლად არ გეგმავს. მისი თქმით, ორგანიზაციებმა უნდა შეასრულონ კანონის მოთხოვნები და საქმიანობა გამჭვირვალედ გააგრძელონ.
თალაკვაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის უკვე 500-ზე მეტმა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია.




























