"თქვენ შეძელით, რომ დაამთხვიეთ რუსული კანონის ინიცირება იმ კვირას, რომელიც 31 მარტიდან 9 აპრილამდე გრძელდება და რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, ალბათ, ყველაზე დატვირთულია ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ თქვენ ხომ არ გაგაჩნიათ, არც ეროვნული და არც ევროპული [სულისკვეთება]", - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მმართველმა პარტიამ ევროპას უთხრა მკაფიო „არა“.
„დღეს ეს ორი ცნება - ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს ძალიან კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ, რომ დაინახოთ და მოისმინოთ, რომ საქართველოს საზოგადოება ერთიანია ამ მიმართულების ქვეშ - დამოუკიდებლობა გავამყაროთ, ევროპა გავამყაროთ და რუსეთი აქ აღარასდროს დაბრუნდება. რუსეთმა უკვე თავის სახე გამოაჩინა, ერთი პერიოდი იყო, 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილება, ჩვენი დამსახურებაა, ყველაფერი ამისთვის გავაკეთეთ, დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, ოცნებამ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა, ევროპას უთხრა მკაფიო არა - ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია, ყველა შესაძლო საკითხზე, რაც ჩვენს ხვალინდელ დღეს განაპირობებს და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას, უთხრა მკაფიო უარი. ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს „ოცნება“ არის ჩვენი ევროპული გზით და მომავლის საბოტაჟით დაკავებული. საბოტაჟი არის ერთადერთი სიტყვა რაც მომაფიქრდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ე.წ რუსული კანონის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას აპირებს. როგორც მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. მდინარაძის თქმით, ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს.