საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “რუსულ კანონთან” დაკავშირებით BBC-ის კითხვებს გასცა პასუხი. პრეზიდენტის განცხადებით, ის ამ კანონს ვეტოს აუცილებლად დაადებს, რადგანაც ეს არამხოლოდ მის, არამედ მთელი მოსახლეობის მოთხოვნას წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” კანონი პუტინის კანონის ასლს წარმოადგენს.
„ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო, ამ გადაწყვეტილების მიღება საქართველოში მოხდა თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვში? გამჭვირვალობის შესახებ ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ქართველები სვამენ, დიდი რაოდენობით ქართველი სვამს. დღეს უკვე მასიური დემონსტრაციების მესამე დღეა, მშვიდობიანი დემონსტრაციების და მე მოვუწოდებ ხელისუფლებას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აგრესიას არ მიმართოს.
მე კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ისევე როგორც ყველა სხვა კანონის შემთხვევაში ვაკეთებ. რადგან ეს მხოლოდ ერთი არ არის, ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ჩემი ვეტო პარლამენტში დაძლეული იქნება, სადაც უმრავლესობას ეს შეუძლია. მაგრამ ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ამ ხმის გაგონება ხმამაღლა და ნათლად მოხდება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
დღეს საქართველოს პარლამენტმა “რუსული კანონი” პირველი მოსმენით მიიღო.