პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს უცხოური გავლენის აგენტს უწოდებს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კითხვის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, ე.წ. რუსულ კანონს ვეტოს დაადებს, კობახიძემ თქვა, რომ ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციას ღალატობს.
“სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი. შესაბამისად, ერთადერთი, ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, არის შესაბამისი უცხოური ძალა, გლობალური ომის პარტია.
სულ რაღაც 6 თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ეს არჩევნები იქნება მათ შორის რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად ნახავს, რომ საბოლოო ჯამში, ამ კანონს ექნება დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის, პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილი, ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და საქართველოს კონსტიტუციას”,- თქვა კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტის განცხადებით, ის კანონს ვეტოს აუცილებლად დაადებს, რადგანაც ეს არამხოლოდ მის, არამედ მთელი მოსახლეობის მოთხოვნას წარმოადგენს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. 83 მომხრე იყო და 0 წინააღმდეგი. კენჭისყრამდე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიცია დარბაზიდან გააძევა.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსი ენიჭება ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად" რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.