სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ვეტო დაადო "რუსულ კანონს" და თქვა, რომ ეს კანონი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას და უნდა გაუქმდეს. მან ასევე ახსენა, რომ ეს არის მარტივი ვეტო, რომელიც პარლამენტს დღესვე გადაეცემა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ტექსტი, რომელსაც სავარაუდოდ, პარლამენტი გამოაქვეყნებს.
იურისტი ნიკა სიმონიშვილი პრეზიდენტის დღევანდელი ვეტოს შემდეგ მოსალოდნელ, პროცედურებს განმარტავს. მისი თქმით, ახლა ვეტოს გადალახვის ყველაზე მოკლევადიან სცენარს გვიზიარებს და ამბობს, რომ კანონმდებლობა მაქსიმალურ ვადებს არ ადგენს.
"პრეზიდენტის დღევანდელი ვეტოს შემდეგ პროცედურები როგორ წარიმართება პარლამენტში და როგორი იქნება აგენტების კანონის განხილვის სავარაუდო კალენდარი?
-
- პრეზიდენტმა ბოლომდე არ გამოიყენა მოტივირებული შენიშვნების გაკეთებისთვის 2 კვირიანი ვადა და როგორც მოსალოდნელი იყო, აგენტების კანონს უბრუნებს პარლამენტს;
- ახლა პარლამენტმა მომდევნო პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყაროს პრეზიდენტის ვეტოს გადალახვას, რისთვისაც აქვს საკმარისი ხმები;
- მომდევნო სასესიო დღეები 28-31 მაისსაა და მანამდე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა განიხილონ პრეზიდენტის შენიშვნები. ანუ, ყველაზე ადრე კანონის მიღების კალენდარი ასეთი შეიძლება იყოს:
- 20-27 მაისის ინტერვალში იურიდიულმა კომიტეტმა შენიშვნები შეიძლება განიხილოს;
- 28-31 მაისის ინტერვალში პლენარულ სხდომაზე ვეტოს გადალახვა. ამის შემდეგ საკანონმდებლო პროცედურები ფაქტობრივად მთავრდება და კანონი საბოლოოდ მიღებულია;
- თუ ვეტო გადაილახება, სამი დღის ვადაში ეგზავნება პრეზიდენტს და 5 დღე აქვს ხელმოსაწერად;
- ამ ვადაში ხელს თუ არ მოაწერს, მისი ამოწურვიდან 5 დღეში პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია მოაწეროს ხელი და გამოაქვეყნოს.
ზემოთ რაც დავწერე, ეს ვეტოს გადალახვის ყველაზე მოკლევადიანი სცენარია, თუმცა კანონმდებლობა არ ადგენს მაქსიმალურ ვადებს და ეს შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგაც გააკეთოს ოცნებამ, მაგალითად, მომდევნო თვეში/თვეებში, რისი შესაძლებლობაც პროცედურულად არსებობს.
ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? - მზად ვიყოთ ყველაფრისთვის და გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი", - წერს იურისტი.