ის, რომ მემკვიდრეობა კაცს რჩება, ქალებს ბიზნესის წამოწყებაში ხელს უშლის, - ამის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსმა, ელენე გაბელაიამ განაცხადა. როგორც მან "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, საქართველოში ქალები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროცესში არაერთ ბარიერს აწყდებიან, რაც მათ ხელს უშლით, ბიზნეს საქმიანობები არათუ დაიწყონ და განავითარონ, არამედ სამუშაო ადგილების შექმნაში, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
"ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. ქალები ბიზნესებს მცირე კაპიტალით იწყებენ, თავიანთი ან ოჯახის დანაზოგით. ისინი ბანკს სესხის ასაღებად თითქმის არასდროს მიმართავენ, რადგან ქალებს უძრავი ქონება არ გააჩნიათ, რაც სესხის ასაღებად საჭიროა. ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა არის ის გენდერული სტერეოტიპი და ნეგატიური მენტალიტეტი, როდესაც მემკვიდრეობა, ხშირ შემთხვევაში, ყოველთვის კაც რჩება. ეს ხელს უშლით ქალებს, რომ მათ თავიანთი ბიზნესი წამოიწყონ და განავითარონ. პრობლემა როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქებში იკვეთება", - აღნიშნა ელენე გაბელაიამ.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით, ქალთა მიერ დაფუძნებული საწარმოები კაცთა მიერ დაფუძნებულს ჩამორჩება და 2022-ის მონაცემებით, მხოლოდ 30%-ს შეადგენს. ორგანიზაციის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესების მხოლოდ 11.5%-ს ჰყავს ქალი მეწილე უმრავლესობაში. გამოწვევაა ქალი მეწარმეების პროდუქციის რეალიზაციაც.
"გამოწვევაა ოჯახსა და ადამიანებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, იგულისხმება ბავშვები და მოხუცები. უმეტეს შემთხვევაში, ქალების ზურგზე გადადის ეს ვალდებულებები, რის გამოც ქალებს ნაკლები დრო რჩებათ, ბიზნესი მოიზიდონ და განავითარონ. პრობლემაა პროდუქტის გაყიდვა და გასაღებაც. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გააკეთა კვლევა და აღმოჩნდა, რომ ქალები თავიანთ პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე, თემში, სოფელში, ქალაქში ყიდიან, სადაც მოღვაწეობენ", - განაცხადა ელენე გაბელაიამ.