ისანი-ვაზისუბნის საბაგირო გზა, თუ ის აშენდება, მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამის შესახებ "საქმის კურსში" სტუმრობისას შვეიცარიული კომპანია Bartholet-ის წარმომადგენელმა საქართველოში და ტრანსპორტის სპეციალისტმა ასმათ აბესაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ Bartholet-ი არის ის კომპანია, რომელმაც თბილისის მერიას "სისტრას" კვლევის საფუძველზე, რამდენიმე წლის წინ საბაგიროების მოწყობის პროექტი შესთავაზა.
საუბარია ორ საბაგირო ხაზზე: „სარაჯიშვილისა“ და ზღვის უბნის დამაკავშირებელ და ასევე, მეტროსადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელ საბაგიროებზე, რომლების მშენებლობაც კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ დააანონსა.
კომპანია Bartholet-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ორივე საბაგიროსთან მიმართებით "სისტრას" რეკომენდაცია არსებობს, რომ აუცილებლად განსახორციელებელია. მისივე თქმით, ისანი-ვაზისუბანის საბაგიროს შემთხვევაში, მარშრუტის დაფარვა 8 წუთია. როგორც ასმათ აბესაძე ამბობს, აუცილებელია პროექტში გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ საწყისი და საბოლოო გაჩერებები, არამედ შუალედურიც.
“ჩვენმა კვლევამ, ანუ „სისტრას“ ტექნიკურ-ეკონომიკურმა დასაბუთებამ აჩვენა, ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი, რომელიც რელიეფურად ექვემდებარება ამ სახის ტრანსპორტის განვითარებას, არის სწორედ ამ ორ მიმართულებაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ მგზავრების კონცენტრაცია არის ისანში, ამიტომ საწყის სადგურად ჩვენ ავიღეთ სწორედ ის. თუმცა, გვაქვს შუალედური გაჩერებებიც - მეტრომშენში, შემდეგ ვაზისუბანი 1, ვაზისუბანი 2, ვაზისუბანი 3. ვაზისუბანი 3-ის გაჩერებიდან ჰუალინგამდეც არსებობს გზის გაგრძელების შესაძლებლობა.
რაც შეეხება სარაჯიშვილი-ზღვის უბანს, აქაც ორი შუალედური გაჩერება გვაქვს გათვალისწინებული: პირველი არის ზღვის უბნის გაჩერება, სადაც არის ძალიან დიდი დასახლება, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული აქვს, ამიტომ მათთვის ეს არის ძალიან კარგი და კომფორტული გამოსავალი. შემდეგია ზღვის უბნის პარკის გაჩერება და შემდეგ უკვე ასაკიანის ქუჩა", - ამბობს კომპანია Bartholet-ის წარმომადგენელი საქართველოში და ტრანსპორტის სპეციალისტი ასმათ აბესაძე.
რაც შეეხება სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს, რომელიც ადრე არსებობდა, და კალაძემ მისი დემონტაჟის და ახლით ჩანაცვლების გეგმები დააანონსა, ასმათ აბესაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საბაგიროს დემონტაჟის შემდეგ, მის ადგილას ახალი აღარ უნდა აშენდეს, - "იმ საბაგიროს ტრასაზე უკვე საცხოვრებელი სახლებია აშენებული, ეს ერთი და მეორეც, რომც არ იყოს აშენებული, მგზავრი იქ ვეღარ ხვდება. ანუ, კონცენტრაცია მგზავრების აღარ არის საწყისი სადგური ყოფილი საბაგიროსი", - დასძინა მან.
ცნობისთვის, კახა კალაძეს აღნიშნულ საბაგიროებთან მიმართებით დაპირება არაერთი წელია აქვს. ბოლოს ის 4 წლის წინ საარჩევნო კამპანიის ნაწილიც იყო, როცა დაანონსდა, რომ 2025 წლამდე ორივე საბაგიროზე ტენდერიც გამოცხადდებოდა და მისი მოწყობაც დასრულდებოდა. ორივე საბაგიროს ბიუჯეტი მაშინ 70 მილიონი ევრო იყო, რომელიც სრულად სესხი იყო. ახლა კი, ბიუჯეტი ჯერჯერობით უცნობია.




























