ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავრობასთან თანამშრომლობას განახლებას, ჯერჯერობით, არ აპირებს. მიზეზი „რუსული კანონია“.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თამარ სხულუხიამ განაცხადა.
საქმე ის არის, რომ „რუსული კანონის“ გამო, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ 3 მაისს განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ გადაწყვეტილება ძალაში რჩება იქამდე, ვიდრე „საქართველოს მთავრობა კვლავ ქვეყნის ევროპული გზის სამსახურში არ დაბრუნდება".
„არავინ იყო მზად მოვლენების ამ სცენარით განვითარებისთვის. ეს იყო ჩვენი პირველი გადაწყვეტილება. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ბევრი წელია თანამშრომლობს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა თავისი კვლევით და ანალიტიკით წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და დაეხმაროს გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს ქვეყნისთვის სასიკეთო.
ჩვენ ყველას გვჯეროდა და გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპისკენ სვლა და ევროკავშირის წევრობაა, თუმცა დღეს, მკაფიო ხედვა იმისა, რომ მთავრობის პოლიტიკა, გადაწყვეტილებები და „რუსული კანონი“ ამას ემსახურება, რა თქმა უნდა, არ გვაქვს; ამიტომ გადავწყვიტეთ, შევწყვიტოთ თანამშრომლობა მთავრობასთან იქამდე, სანამ არ დავინახავთ, რომ ევროპული კურსი გაგრძელდება ან რამე არ შეიცვლება, თუნდაც კანონის გაუქმებით“, - განაცხადა თამარ სულუხიამ.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი მიიჩნევს, რომ ახლა, საქართველოს განვითარებისთვის ყველაზე მეტად „ევროპულ გზაზე დაბრუნება“ სჭირდება. "საქართველოში წერტილი უნდა დაესვას რუსეთის გავლენას და „რუსულ კანონს“, - თქვა მან.