მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ISET: საქართველოში ბიზნესის განწყობის ინდექსი მცირედით გაუმჯობესდა

6020f551c2bd0
შოთა ტყეშელაშვილი
08.02.21 12:26
996
ISET-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბიზნესის განწყობის ინდექსი 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა. ანგარიშის მიხედვით, ვაჭრობის გარდა, ყველა სექტორში განწობის გაუმჯობესება შეიმჩნევა. ასევე, გაუმჯობესებულია ბიზნესის მოლოდინების ინდექსიც. 

"2021 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 32.1 პუნქტით გაიზარდა და 3.4-ს გაუტოლდა წინა კვარტალში საგრძნობი გაუარესების შემდეგ. ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა ყველა სექტორში, გარდა ვაჭრობისა. ყველაზე დიდი ზრდა სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება 2021 წლის I კვარტლისთვის ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით 12.4 პუნქტით გაიზარდა და 2021 წლის I კვარტლისთვის -29.2-ს მიაღწია. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნესსექტორი მომავლის მიმართ, 2021 წლის IV კვარტლის გაუარესების შემდეგ მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა და 22.5 პუნქტს მიაღწია. 2021 წლის I კვარტლისთვის მოლოდინების ზრდა ყველა ეკონომიკურ სექტორში დაფიქსირდა, გარდა ვაჭრობისა," - ნათქვამია მიმოხილვაში. 

ანგარიშში საუბარია ბიზნესის მიერ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის ფასზეც, მისი მიხედვით გამოკითხული ბიზნესების ნაწილი ფასების ზრდას გეგმავს, რაც მომავალში მოსალოდნელ ინფლაციაზე მიანიშნებს. 

"გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი კვლავ გაიზარდა და 29.7 პუნქტს მიაღწია. ეს მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ ბიზნესების უფრო დიდი წილი ვარაუდობს ფასების გაზრდას საკუთარ პროდუქტზე. ფასების შემცირებას მხოლოდ სამშენებლო სექტორში ელოდებიან," - ნათქვამია დოკუმენტში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები