ინფრასტრუქტურული კომპანიების ინფორმაციით, სამინისტროსთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ სახელმწიფო ტენდერებში ინდექსაციის მოდელი შეიცვალოს.
როგორც „კონსტრაქშენ სერვისის“ დამფუძნებელმა, გიორგი გაბუნიამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ კომპანიების ნაწილმა შესაბამისი მექანიზმით ვერ ისარგებლა. მისივე განცხადებით, ისეთი ტიპის ინდექსაციის მოდელი უნდა შეიქმნას, რომ მაგალითად, საგზაო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული იყოს ბიტუმის ფასების ცვლილება და ა.შ.
გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სამინისტროს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების ფონზე, მოლოდინია, რომ ინდექსაციის მექანიზმი შეიცვლება და ის არსებულ რეალობას მოერგება.
„რამდენიმე წლის წინ იყო ინდექსაციის შემოღების სხვადასხვა მცდელობები. ამ შემთხვევაშიც, შემუშავდა პროექტი, მაგრამ, როგორც შედეგმა აჩვენა, ბევრმა ვერ მიიღო ამაში მონაწილეობა. მეც რამდენიმე პროექტი მქონდა ამ პერიოდის განმავლობაში და ამ მექანიზმით სარგებლობა არ იყო მარტივი. როგორც ვიცი, იყო შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს ქმედითი იყოს ეს მექანიზმი.
მაგალითად, ნავთობის ფასი გაიზარდა, რაც პირდაპირ მოქმედებს ბიტუმის ფასზე, ბოლო მონაცემებით, 600 დოლარსაც გადასცდა ტონა ბიტუმის ფასი. შესაბამისად, საგზაო სამუშაოებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი ფასი. შესაბამისად, ისეთი ტიპის ინდექსაცია უნდა შეიქმნას, რომ მინიმუმამდე შეამციროს ბიზნესმა დანაკარგები. ზუსტად ახლა წინასწარ ფორმულის განსაზღვრა ძალიან რთულია ამ შემთხვევაში“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ცნობისთვის, მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში ფასების ინდექსაციის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. ახალი წესით, ფასების ინდექსაცია ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ავტომატურად არ გავრცელდება. მექანიზმი შეეხება მხოლოდ იმ სახელმწიფო კონტრაქტებს, რომელთა შესრულების ვადა 12 თვეზე მეტია. ამასთან, ინდექსაციის გამოყენება მხოლოდ სამუშაოების დაწყებიდან პირველი 12 თვის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
























