მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისევ არ დავხვდით მზად ამ შესაძლებლობას - COSCO გადაზიდვებში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

627ea91eb55d6
ნინო ტაბატაძე
13.05.22 23:49
1725
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა, თუმცა გადამზიდავები არაერთ გამოწვევაზე საუბრობენ.

„ჩვენ ისევ არ დავხვდით მზად ამ შესაძლებლობას", - განაცხადა „საქმის კურსში“ სტუმრობისას COSCO Shipping Lines-ის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა გივი ჩაჩანიძემ.

მისი თქმით, რკინიგზისა და პორტების შეზღუდული გამტარუნარიანობა ტვირთების მოზიდვაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ აუცილებელია სამუშაოების დაჩქარება.

„ნამდვილად რთული დერეფანია, თუ შევადარებთ რუსეთის დერეფანს, სადაც ეს ტვირთი უფრო მარტივად მოძრაობდა. ჩვენ შემთხვევაში ყაზახეთიდან თუ ცენტრალური აზიიდან ტვირთმა უნდა გამოიაროს კასპიის ზღვა, რაც უკვე არის პირველი დაბრკოლება. შემდეგ შემოვიდეს აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში. ეს ტვირთი ძირითადად რკინიგზით მოძრაობს, რადგანაც ფიზიკურად სატვირთოებით სრულად ვერ გადაიზიდება. რა თქმა უნდა, არის საავტომობილო გადაზიდვებიც და ამიტომ აზერბაიჯანის საზღვარზე უკვე გვაქვს 10-დღიანი რიგები, მაშინ როდესაც ადრე 1-2 დღეში ხდებოდა გატარება. გვაქვს უღელტეხილი, სადაც რკინიზგის მოდერნიზების სამშენებლო სამუშაოები მიდის. არის ეს დაბრკოლება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ისევ არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი. მთელი ინფრასტრუქტურაა გასაკეთებელი. ამ კონკრეტული სცენარში ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი რკინიგზა, ავტობანი, რომელიც წლებია შენდება და ძალიან ჭიანურდება და, რა თქმა უნდა, ღრმაწყლოვანი პორტი. ეს არის იდეალური პაკეტი რაც უნდა გვქონოდა“, - ამბობს გივი ჩაჩანიძე.

COSCO Shipping Lines-ში ამბობენ, რომ იმდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტვირთის მოძრაობა, რომ მეორეხარისხოვანი გახდა გადაზიდვის ტარიფები.

„ჩვენი რეგიონი უფრო საინტერესო ხდება. ჩვენ დღეს ყურადღების ცენტრში ვართ. თუ ადრე კვირაში ერთ ბლოკ მატარებელს ვატარებდით, დღეს თავად ევროპული კომპანიები აყენებენ ჩინეთიდან ბლოკ მატარებლებს, რომლებმაც საქართველოს გავლით მთელ მსოფლიოში რომ გააღწიოს“, - განმარტავს მსხვილი საზღვაო ხაზის წარმომადგენელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები