IT Academy STEP-ის ქართული ოფისის დამფუძნებელი და დირექტორი, მაკა მახათაძე აცხადებს, რომ ისევე როგორც სხვა სფეროებში, IT-სექტორშიც საკადრო პრობლემებია. როგორც მან BMG-ს გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა, მენტორები ძალიან მაღალ ხელფასებს იღებენ, რომლის გადახდაც ფიზიკურად შეუძლებელია. გარდა ამისა, მაკა მახათაძის თქმით, უკრაინელები გაცილებით ნაკლები ანაზღაურების საფასურად მუშაობენ.
„ყველაზე დიდი პრობლემა ახლა ჩვენთვის არის პროფესიონალი მასწავლებლები. ეს იქნება ლექტორი, ქოუჩი, თუ მენტორი - ადამიანი, რომელიც ახალ თაობას გადასცემს ცოდნას და გამოცდილებას. ჩვენს სფეროში მენტორი უნდა იყოს პრაქტიკოსი ადამიანი თავის პროფესიაში. პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანებს კი აქვთ ძალიან დიდი ანაზღაურება ამ დარგში და შესაბამისად, მათ არ აქვთ არანაირი ინტერესი, რომ მოვიდნენ და ვინმეს მენტორობა გაუწიონ. ან თუ ვიღაცას აქვს სურვილი, ითხოვს ისეთ ასტრალურ ციფრებს, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ყველა დაამაყოფილო. ითხოვენ ასტრალურ ციფრებს, რეალობიდან აცდენილს და ამბიციურს, ამიტომ საკმაოდ რთულია ეს საკითხი. მაგალითად, გვქონდა შემთხვევა, როცა ლექციაში მენტორი ითხოვს 60 დოლარს საათში, როცა უკრაინიდან და ევროპიდან გვყოლია ლექტორები, რომლებიც საათში 30 ევროს, ან დოლარს იღებენ“, - განაცხადა მაკა მახათაძემ.
ის მიიჩნევს, რომ საკადრო გამოწვევას საგადასახადო შეღავათები გამოასწორებდა.
„შეღავათები უნდა გაკეთდეს, თუნდაც იმ ადამიანებზე, ვისაც მენტორობის სურვილი აქვს და მენტორობას გაწევს და იმუშავებს ამ მიმართულებით, შეიძლება რაღაც პერიოდი ეს ადამიანი გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან, რომ მეტი პოპულარიზება გავაკეთოთ ამ მიმართულებით. მეორე მიმართულება არის აკრედიტაციის საკითხი. თუ ჩვენ არ ვართ ავტორიზებული, ან აკრედიტირებული დაწესებულება და ამისთვის აუცილებელია გავიაროთ ავტორიზაცია, ხოლო ამ შემთხვევაში ავტომატურად დღგ-ს გადამხდელები ვართ, რაც ძალიან დიდი ტვირთია და ხშირ შემთხვევაში კომპანია მუშაობს 5-6%-იანი მარჟით, რაც ბიზნესისთვის ძალიან მტკივნეული თემაა“, - ამბობს მაკა მახათაძე.