მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქართული კერძებია ყველაზე საინტერესო ტურისტებისთვის? - გასტროტურიზმის ასოციაცია

ქეთი კვიჭიძე

გასტროტურიზმის ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთი კვიჭიძე ამბობს, რომ რეგიონების მიხედვით, ტურისტებს ყველაზე მეტად კახური, იმერული, აჭარული და მეგრული კერძები მოსწონთ. საკითხზე მან BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

„ძალიან გურმანები არიან ამერიკელები, ასევე გერმანელები, პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები. მათ აინტერესებთ ქართული გასტრონომია. ჩემი ძირითადი მომხმარებელი ევროპა, იაპონია და ამერიკაა. რაც შეეხება საქართველოს კუთხეებს, კახეთი პირველ ადგილას დგას, ღვინოსთან ერთად, იგივეა აჭარაზეც, იმერული კერძები უყვართ ასევე და მეგრული, თუმცა ვფიქრობ, მეგრულ კერძებს პოპულარიზაცია არ აწყენდა. იმერეთი ძალიან მოსწონთ, რადგან ვეგანური სამზარეულო ძალიან ტრენდულია. პოპულარულია ხინკალი, ასევე ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხაჭაპური და ა.შ. მზარდია მოთხოვნა და თუ ხელს შევუწყობთ, კიდევ მეტად გაიზრდება“, - თქვა მან.

რაც შეეხება მსოფლიო რუკაზე საქართველოს ადგილს, ქეთი კვიჭიძე ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ქართული რესტორნები საკმაოდ პოპულარულია, თუმცა მეტი მარკეტინგული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, დარგი მეტად განვითარდება.

„მე პირადად ქართული გასტრონომია ისე მიყვარს და ისე ვიბრძვი, რომ ქართული გასტრონომია პოპულარული გახდეს მსოფლიოში, რომ ჩემთვის პირველ თუ არა, მეორე ადგილას ნამდვილად დგას ქართული გასტრონომია. თუმცა ზოგადად, მარკეტინგული აქტივობები გასტროტურიზმის განვითარებისთვის მსოფლიო ბაზარზე არაფერი გაგვიკეთებია, მაინც თავისით ხდება ამ ყველაფრის განვითარება. მაგალითისთვის აშშ-ში რესტორნებმა უკვე ფილიალები გახსნეს. ძალიან დიდი მოთხოვნაა ქართულ რესტორნებზე“, - განაცხადა მან.

ქეთი კვიჭიძის თქმით, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისას უნდა შეირჩეს ქვეყნები, რომლებშიც ქართულ კერძებზე ინტერესი მეტია.

„უნდა წავიდეთ იმ ქვეყნებში, ფესტივალებში მივიღოთ მონაწილეობა, სხვადასხვა პრომოაქციები უნდა დაიგეგმოს. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ინფლუენსერები, გვასალიები, ხატია ბუნიათიშვილი - მათ ვაჭამოთ ხაჭაპური და უცებ გაიგებს ყველა. ქართული ღვინო მეტ-ნაკლებად პოპულარულია და მასთან ერთად გასტრონომიაც უნდა გავიტანოთ. კარგი იქნება არსებობდეს გრანტი, ბევრი ქვეყნის მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, რომლებმაც გრანტები გასცეს, რომ ხელშეწყობა ჰქონოდათ უცხოეთში ქართულ რესტორნებს. თუ გვინდა ევროპა ჩამოვიყვანოთ, ადგილზეც უნდა მოვაწონოთ ჩვენი გასტრონომია“, - ამბობს კვიჭიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები