პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ის ბიზნესებს, რომლებიც ახალ არჩევნებს და პროევროპულ აქციებზე დაკავებულების განთავისუფლებას ითხოვენ, ქვეყნის არევას უჭერენ მხარს. მან ამის შესახებ ბრიფინგზე, ბიზნესების პოზიციაზე BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"პირველ რიგში, რაც მთავარია, მაიდანი ჩავარდა და მაიდნის მცდელობა იყო მთავარ რისკ-ფაქტორი ბუნებრივია ბიზნესისთვის და ეს რისკ-ფაქტორი არის მთლიანად მოხსნილი. ხედავთ, რომ გუშინაც 800 კაცი იყო გამოსული სულ რუსთაველის გამზირზე. შესაბამისად, არა მხოლოდ ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული, არამედ ზოგადად რაიმეს არევის რესურსი აღარ აქვს საერთოდ რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ყველა უნდა ზრუნავდეს რა თქმა უნდა სიმშვიდეზე ამ ქვეყანაში, ჩვენ ვართ ამაზე პირველი რიგში პასუხისმგებელი, მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა.
ამ განცხადებაზე, რაც კონკრეტული ბიზნესების წარმომადგენლებმა გაავრცელეს, მე ერთ რამეს ვიტყოდი, მათი ეს განცხადება სიმშვიდისთვის მაინცდამაინც ხელშემწყობი არ არის და შესაბამისად, შეიძლება მხოლოდ მათ მიუბრუნდეთ უკან თუ დავუშვათ ხელი შეეწყობა იმის მცდელობას, რაც დაკავშირებული იყო მაიდანთან, ქვეყნის არევასთან. რეალურად, გარკვეულწილად ეს არის ამ ყველაფრის მხარდამჭერი განცხადება, თუმცა ჩვენ გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს სიმყარე, მათ შორის ამ ბიზნესებსაც რომ ჰქონდეთ სიმყარე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნებსით თუ უნებლიედ უპირისპირდებიან სიმშვიდეს ამ ქვეყანაში",- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, Freebusiness.ge-ზე ახალი არჩევნებისა და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლების მოთხოვნებთან მიერთების განაცხადი 1 055 კომპანიამ გააკეთა.