საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვია.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ისლანდიის ბიზნესმენთა შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მონაწილეობით გაიმართება.
ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მისი ოფიციალური დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან: ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრი გუდლაუგურ ფორ ფორდარსონი საქართველოს ვიცე - პრემიერს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდება.
ორ ქვეყანას შრის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ მცირე მასშტაბისაა. 2023 წელს, ისლანდიასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 4.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი მხოლოდ $8 600 დოლარია, იმპორტი კი, $4.657 მლნ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით მსოფლიო ქვეყნების ათეულში ისლანდია 2023 წლის მონაცემებით 8 ადგილზეა.
გასულ წელს საქართველომ ისლანდიაში მხოლოდ ყურძნის ნატურალური ღვინოები გაყიდა.
რაც შეეხება იმპორტს, მაჩვენებლები ასეთია:
გაყინული თევზი - $4.5 მლნ დოლარი;
ცხოველური წარმოშობის პროდუქტები - $73.1 ათასი აშშ დოლარი;
მსუბუქი ავტომობილები - $15 ათასი აშშ დოლარი.
ასევე, ცნობილია, რომ გუდნი იოჰანესონი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გამართავს, რომლის შემდეგაც ისინი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.