საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივნისში განხორციელებული დარტყმების მიუხედავად, ირანმა გამდიდრებული ურანის მარაგების უდიდესი ნაწილის შენარჩუნება შეძლო. როგორც გროსი განმარტავს, ამჟამად ირანი 60%, 20%, 5% და 2%-ით გამდიდრებულ ურანს ისევ ფლობს. ის მსოფლიო ლიდერებს ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
“ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმებმა ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ იქონია ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგებზე. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთოს ყველაფერი, რათა მსოფლიო თავიდან აირიდოს ირანის მიერ “ბირთვული გაუვრცელებლობის” შეთანხმების დარღვევა”,- განაცხადა გროსიმ.
სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური თეირანი. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი ურანის გამდიდრებას მომავალშიც გააგრძელებს, თუმცა მისი დანიშნულება მხოლოდ სამოქალაქო იქნება. ამასთან, მან კატეგორიულად უარყო ბრალდება, თითქოს ქვეყანა სამხედრო მიზნებისთვის ურანის გამდიდრებას აპირებს.
შეგახსენებთ, ირანს, ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტმა მხარი დაუჭირა სარაკეტო იერიშების განხორციელებას ირანის ბირთვული ობიექტების მიმართულებით. ოპერაცია “ამომავალ ლომს” პროცესებში ამერიკის ჩართვა და სტრატეგიული მნიშვნელობის B2 ბომბდამშენებით ირანული ატომური ინფრასტრუქტურის განადგურებაც მოჰყვა. მაშინ ირანულმა მხარემ როგორც ისრაელის, ისე კატარში მდებარე ამერიკული ბაზების მიმართულებით სარაკეტო დარტყმები მიიტანა, თუმცა პროცესი მეტად აღარ გამწვავებულა.




























