მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისრაელ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ნავთობის ბაზარი კვლავ ფუნდამენტურ ფაქტორებზე გადაერთო - Galt & Taggart

ნავთობი

Galt & Taggart-ი ნავთობზე ფასის ზრდას არ ელის. საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წერია, რომ მომავლისთვის ფასების ზრდას ხელს, სავარაუდოდ, შეუშლის გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება და არა-OPEC ქვეყნების მზარდი მიწოდება.

2025 წლის მე-2 კვარტალში ნავთობის ფასი 9.5%-ით შემცირდა, პერიოდი კი მნიშვნელოვანი მერყეობით ხასიათდებოდა. აპრილის დასაწყისში და მაისის პირველ კვირაში ფასი თითქმის 20%-ით შემცირდა და ბარელზე $60-მდე ჩამოვიდა, რაც ორი წლის მინიმუმია. კლება განაპირობა სუსტმა მოთხოვნამ (განსაკუთრებით ჩინეთში) და მოლოდინმა, რომ OPEC+ ზაფხულისთვის წარმოებას გაზრდიდა.

აშშ-ის მიერ აპრილში შემოღებული ტარიფები და სავაჭრო გაურკვევლობაც ბაზრის განწყობაზე უარყოფითად აისახა. მაისის ბოლოსთვის ფასმა ზრდა დაიწყო. სავაჭრო ომის შიშების შემცირებამ და გლობალური მარაგების მცირე კლებამ ფასების ზრდას შეუწყო ხელი.

ივნისის შუაში ყურადღება გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ მიიპყრო: ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, რასაც ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის იერიშები მოჰყვა. ამის ფონზე ნავთობის ფასში რისკ-პრემია გაჩნდა და ის $80-მდე გაიზარდა - 5 თვის უმაღლესი მაჩვენებელი. თუმცა ფასის ზრდა დროებითი აღმოჩნდა. ივნისის ბოლოს გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა ისრაელსა და ირანს შორის, რის შემდეგაც ბაზრიდან გეოპოლიტიკური რისკ-პრემია გაქრა. ფასი ივნისის მეორე ნახევარში 14%-ზე მეტად შემცირდა და კონფლიქტით გამოწვეული მატება თითქმის სრულად გააბათილა.

ფასზე ასევე ზეწოლა მოახდინა OPEC-ის არაწევრი ქვეყნების წარმოების ზრდამ და აშშ-ში მოთხოვნის შესუსტებამ. კვარტლის ბოლოს ნავთობის ფასი $60-იან ზონაში იყო, რაც დაახლოებით 10%-ით ნაკლებია პირველი კვარტლის დასასრულთან შედარებით. მიუხედავად შუალედური მერყეობისა, საერთო ტრენდი ჭარბ მიწოდებასა და სუსტ მოთხოვნას ასახავდა. ისრაელის თავდასხმით გაჩენილი გეოპოლიტიკური რისკ-პრემია ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სრულად გაქრა და ბაზარი კვლავ ფუნდამენტურ ფაქტორებზე გადაერთო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები