ირანი და ისრაელი უკვე ათწლეულების განმავლობაში არიან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში. მათი კონფლიქტი მრავალგანზომილებიანია და მოიცავს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ და რელიგიურ მიმართულებებს. ორივე ქვეყანა აქტიურად ეწინააღმდეგება ერთმანეთის რეგიონულ გავლენებს და ეს დაპირისპირება ხშირად გამოიხატება სამხედრო შეტაკებებში და ეკონომიკურ სანქციებში.
ზოგადად, ირან-ისრაელის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, როდესაც ირანის ახალი ხელისუფლება, აიათოლა ხომეინის მეთაურობით, ისრაელის მტრად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ორივე ქვეყანა დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ინარჩუნებდა, რევოლუციის შემდეგ, ირანი გახდა ისრაელის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ამის შედეგად, ირანი არა მხოლოდ პირდაპირი მუქარებით შემოიფარგლება, არამედ მხარს უჭერს ისრაელის წინააღმდეგ მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს, ისეთებს, როგორიცაა: ჰეზბოლა და ჰამასი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, რამაც ამ ორი ქვეყნის კონფლიქტში ახალი ფაზა დაიწყო. ეს თავდასხმა უპრეცედენტო იყო თავისი მასშტაბით და ის რეგიონისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა თავის საჰაერო თავდაცვის სისტემებით რაკეტების უმეტესობა გაანეიტრალა, ზოგიერთი მათგანი მაინც ჩამოვარდა ისრაელის მიწაზე. თავდასხმა მოხდა ისრაელის რამდენიმე მნიშვნელოვან სამიზნეზე, მათ შორის თელ-ავივში და სამხრეთ რეგიონის სამხედრო ობიექტებზე.
საინტერესოა ისიც, რომ ისრაელმა ამ თავდასხმაში აშშ-ის მხარდაჭერაც მიიღო. ისრაელ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობა არ არის ახალი, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშშ-ის ჩართულობა ბევრად უფრო აქტიური იყო. აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ირანული რაკეტების ჩამოგდების პროცესში, ხოლო იორდანიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანეიტრალეს ის რაკეტები, რომლებიც მათი საჰაერო სივრცის გავლით ისრაელისაკენ მიფრინავდნენ.
ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ირანის ეს იერიში არ დარჩება უპასუხოდ და დაგეგმილია მძლავრი საპასუხო დარტყმები. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისრაელი ნებისმიერ მტერს შეუპოვრად უპასუხებს. ეს განცხადება მიანიშნებს, რომ ისრაელი არ აპირებს ირანის წინაშე დანებებას. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა ამ თავდასხმით და ის ამისთვის პასუხს აგებს. ამასთან, ისრაელის სამხედრო ძალები უკვე განიხილავენ საპასუხო ზომებს, რომლებიც სავარაუდოდ, მოიცავს ირანის სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის, ნავთობის ინდუსტრიის და საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებას.
საპასუხოდ ამისა, ირანის ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ამტკიცებს, რომ „სიონისტური რეჟიმი“ დამარცხდება და მის ნაცვლად „ისლამური რევოლუციის ძალები“ გაიმარჯვებენ. მუქარებთან ერთად, ირანის ხელისუფლება აქტიურად იყენებს რელიგიურ რიტორიკას იმისათვის, რომ ამ დაპირისპირებას რელიგიური სარჩული მისცეს, რაც განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს რეგიონში არსებული სხვა სახელმწიფოების განწყობაზე.
ირანისა და ისრაელის დაპირისპირება მხოლოდ ამ ორ ქვეყანას შორის მტრობით არ შემოიფარგლება. ამერიკა და სხვა დასავლური ქვეყნები ასევე აქტიურად არიან ჩართულნი ამ კონფლიქტში. აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ განპირობებულია გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესებით და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების სურვილით. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკვე შეხვდა თავის მრჩევლებს და განიხილა ირანის სამხედრო იერიშის საპასუხო ზომების მიღების პერსპექტივები.
ამერიკის ჩართულობის გარდა, საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ცდილობს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას და ირანის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს აწესებს. ირანის ბირთვული პროგრამა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც აწუხებს როგორც ისრაელს, ასევე დასავლეთს. ამასთან, ისრაელი მუდმივად აცხადებს, რომ ირანმა, შესაძლოა, ახლო მომავალში ბირთვული იარაღი შექმნას, რაც რეგიონში კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას გამოიწვევს.
გაერო, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები პერიოდულად აწესებენ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს სანქციები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ირანმა მიზნები შეიცვალოს.
დასავლეთის მცდელობების მიუხედავად, ირანი არ ჩერდება და თავდასხმას განაგრძობს, ისრაელს კი მხოლოდ ერთი გზა აქვს დარჩენილი - გადარჩენისათვის ბრძოლა, რომელშიც ამ ქვეყანას ბადალი არ ჰყავს.