მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული სამუშაო ვიზების რიცხვი მზარდია – ელჩი

5ee270ac22cf4
თამთა ჯიჯავაძე
12.06.20 00:10
2863
საქართველოში ისრაელის ელჩის რან გიდორის განცხადებით, ისრაელის მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული სამუშაო ვიზების რიცხვი ბოლო წლებში მზარდია. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში დიპლომატმა განაცხადა, 2019 წელს საქართველოს 188-მა მოქალაქემ მიიღო სამუშაო ვიზა.

„არ ვიცი რამდენმა შეიტანა განაცხადა, თუმცა, მე მაქვს სტატისტიკა თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო სამუშაო ვიზა. ფიქსირდება სტაბილური ზრდა ამ მხრივ. მაგალითად მხოლოდ 2015 წელს ჩვენ საქართველოს 74 მოქალაქეს მივეცით სამუშაო ვიზა. იგივე იყო 2016 წელსაც. თუმცა, მომდევნო წლებში იყო უკვე 98, შემდეგ 170 და გასულ წელს ჩვენ გავეცით 188 სამუშაო ვიზა. ეს შესაძლოა არ ჟღერდეს დიდ რიცხვებად, თუმცა, ეს მნიშვნელოვანია, და გეტყვით რატომაც. საქართველოს და ისრაელის მთავრობები აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამუშაო ვიზების შეთანხმებაზე. ამ შეთანხმების მიხედვით, შესაძლებელი იქნება გაცილებით მაღალი რიცხვი მივიღოთ, თუმცა, ამ ორმხრივი შეთანხმების გარეშეც კი ისრაელი ყოველთვის აძლევდა სამუშაო ვიზას კვალიფიციურ ქართველ პროფესიონალებს. ვიმედოვნებ, რომ როგორც კი დავასრულებთ მიმდინარე მოლაპარაკებებს, შესაძლებელი იქნება რომ გავცეთ უფრო მეტი სამუშაო ვიზა“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.

მან არ დააკონკრეტა თუ როდის შეიძლება ველოდოთ აღნიშნული მოლაპარაკებების დასრულებას, – „არ მინდა არასწორი მოლოდინები შევქმნა, რომ ხვალ დილით გავხსნით საზღვრებს ათასობით ქართველ დასაქმებულისთვის. ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკის რეცესია გამოწვია ყველგან და ისრაელში მათ შორის. ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა ეცემა და ძალიან ბევრი დაუსაქმებელია ახლა. ასე რომ, ისრაელის მთავრობა არ მიიწვევს დიდი რაოდენობით უცხოელებს დასასაქმებელად ნაცვლად იმისა, რომ სამსახურები უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეებისთვის“, – დასძინა რან გიდორმა.

ხოლო კითხვას თუ რამდენად მნიშვნელოვანი სამუშაო ძალაა საქართველოს მოქალაქეები ისრაელში, ელჩმა უპასუხა:

„ისრაელი პატარა ქვეყანაა, ჩვენი ტერიტორია საქართველო 1/3-ია, ჩვენი მოსახლეობა 9 მილიონი. ასე რომ ჩვენ არ გვჭირდება დიდი რაოდენობით უცხოელი სამუშაო ძალა. ასევე, ჩვენი ეკონომიკა მეტწილად დაფუძნებულია ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე. როგორც წესი სტარტაპები პატარა კომპანიებია და მათ არ სჭირდებათ ათასობით დასაქმებული. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი სამუშაო ძალა საკმაოდ მცირეა და გულწრფელად რომ ვთქვათ, ის არ არის გრანდიოზულად მნიშვნელოვანი ისრაელის ეკონომიკისთვის. თუმცა, ცალკეულ სფეროებში ისინი მნიშნელოვანი არიან. მაგალითად, საკმაოდ ბევრია ქართველი სოცმუშაკი ან მომვლელი, რომლებიც ეხმარებიან მოხუც ადამიანებს, ჩვენ ძალიან ვაფასებთ და პატივს ვცემთ იმ კვალიფიკაციას და ტრენინგებს, რომლითაც ქართველი სოცმუშაკები ჩამოდიან ისრაელში“, – აღნიშნა დიპლომატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები