მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელსა და ლიბანს შორის ზავი სამი კვირით გახანგრძლივდა

ისრაელი და ლიბანი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სამი კვირით გახანგრძლივების შესახებ განაცხადა. როგორც ირკვევა, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიღებული ეს გადაწყვეტილება მიზნად მხარეებს შორის შვიდკვირიანი საომარი მოქმედებების დასრულებას ისახავს.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე კვირის ბოლო დღეს იწურებოდა. ამერიკული მედიის ცნობით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას, სადაც შეთანხმების გახანგრძლივება განიხილებოდა, ლიბანისა და ისრაელის ელჩები ესწრებოდნენ. ტრამპის განცხადებით, მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა. ამასთან, მან დააანონსა, რომ აშშ ლიბანს ირანთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლასგან“ თავდაცვაში დაეხმარება.

გაირკვა ისიც, რომ უახლოეს კვირებში თეთრ სახლს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი ეწვევიან. ტრამპის თქმით, ლიბანში არსებული ვითარების მოწესრიგება აშშ-ის მიერ ირანის მიმართ განხორციელებული პოლიტიკის პარალელურად მოხდება. მედიასთან საუბრისას ისრაელის ელჩმა, იეხიელ ლაიტერმა აღნიშნა, რომ რეგიონში „ჰეზბოლას“ მავნე გავლენის აღმოფხვრა ორივე ქვეყანას სურს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ისრაელურ და ლიბანურ მხარეებს შორის მსგავსი, მაღალი დონის დიპლომატიური შეხვედრები არ გამართულა.

აღსანიშნავია, რომ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, დარღვევების შესახებ საუბარი უკვე დაიწყო. როგორც ირკვევა, „ჰეზბოლამ“ ისრაელის ჩრდილოეთ მიმართულებით რაკეტები მას შემდეგ გაუშვა, რაც განაცხადა, რომ ისრაელმა მის პოზიციებზე შეტევა მიიტანა და შეთანხმება დაარღვია. პარალელურად, ლიბანის ხელისუფლებამ ისრაელი სამხრეთ ლიბანში ავიაიერიშების განხორციელებაში დაადანაშაულა. Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმას ერთი ჟურნალისტი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართული მკვლელობის ფაქტი უარყო.

ცნობისთვის, მარტის საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე ლიბანში 2 294 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 274 ქალი და 177 ბავშვია. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის ზონიდან საკუთარი სახლების დატოვება მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. რაც შეეხება ისრაელს, ქვეყნის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ იერიშებს ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. საბრძოლო მოქმედებების დროს ისრაელმა 15 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ამჟამად ისრაელის არმია ლიბანის სამხრეთ ტერიტორიის 10 კილომეტრიან ზოლს აკონტროლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები