პურის ქართულმა მწარმოებელმა „იფქლი დიღომმა“ ისრაელში პურის უკვე მესამე კონტეინერი გაგზავნა. ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა სოფიო ბედიაშვილმა bm.ge-სთან ისაუბრა.
„დაახლოებით 6-7 თვეა, რა ექსპორტზე მუშაობა დავიწყეთ და უკვე მესამე 40-ტონიანი კონტეინერი გავუშვით”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ყოველ ჯერზე დაახლოებით 30 000-35 000 ცალი პური გადის ხოლმე.
ცნობისთვის, “იფქლი დიღომმა” ისრაელში პურის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაიწყო. ექსპორტისათვის პროდუქტი სპეციალური ტექნოლოგიით მზადდება - პური, ცხობის შემდეგ თავსდება შოკ-მაცივარში და -35 გრადუსზე იყინება, რის შემდეგ -18 გრადუსის რეჟიმში, სპეციალურ კონტეინერში ინახება. გაყინულ მდგომარეობაში პურის შენახვის ვადაა 6 თვე. გალღობის შემდეგ ნარჩუნდება ახალგამომცხვარი პურის სტრუქტურა.
“ზოგადად პირველი კომპანია ვართ ქართულ ბაზარზე, რომელმაც ქართული პურის ექსპორტი განახორციელა. ამ დრომდე პური არასდროს გასულა და შესაბამისად, ძალიან დიდი ნაბიჯია გადადგმული, როგორც ჩვენი ეკონომიკისთვის, ასევე, ჩვენი ბიზნეს სექტორისთვის”, - აღნიშნა "იფქლი დიღომის" მარკეტინგის მენეჯერმა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც „იფქლმა“ ისრაელში პურის ექსპორტი დაიწყო, ქვეყნიდან პურ-ფუნთუშეულის ექსპორტის მაჩვენებელი ამ ქვეყანაში დაახლოებით გასამმაგდა. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 353 500 აშშ დოლარის 141 ტონა პურ-ფუნთუშეულის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2024 წელს - 115 200 აშშ დოლარი და 38 ტონა იყო.




























