ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ისრაელური Capital Maintenance შემოდის, რომელიც დეველოპერული პროექტების პოსტსამშენებლო მომსახურებას უზრუნველყოფს. კომპანიაზე "საქმიანი დილას" ეთერში Capital Maintenance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, ტალ ჰავამ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ფირმა საქართველოში Capital Maintenance Georgia-ს სახელით დაიწყებს ოპერირებას, დეველოპერულ კომპანია "ზიონთან" თანამშრომლობს და "ზიონი ორანჟერეას" მობინადრეებს კომპლექსის მოვლა-პატრონობისა და უსაფრთხოების სერვისებს შესთავაზებს.
"მეგობრობა, რომელიც ებრაელ და ქართველ ერს შორის არის და 2600 წელია გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო განვითარებადი, მეგობრული ქვეყანაა. "კაპიტალი" უკვე თანამშრომლობს კომპანია "ზიონთან", რომლის დნმ-ში დევს ინოვაციური და მოწინავე ტექნოლოგიური სისტემებს დანერგვა. გვჯერა, რომ შეგვიძლია დავადგინოთ საერთაშორისო სტანდარტი ადგილობრივი ბაზრისთვის.
ჩვენ თანამშრომლობა დავიწყეთ პროექტის დაგეგმვის ეტაპიდან - ეს სტანდარტი საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ადაპტირებული. 2025 წელს საჭიროა უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობის და ინოვაციების დანერგვა ეფექტური და პროფესიონალური ოპერირებისთვის. "კაპიტალს" ათი ათასობით მომხმარებელი ჰყავს ისრაელში, ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც მისიას, მოვახდინოთ კულტურული ცვლილება ქართველი მომხმარებლებისთვის, რაც გულისხმობს უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას", - ამბობს ტალ ჰავა.
Capital Maintenance-ის CEO-ს ინფორმაციით, "ორანჟერეას" გარდა კომპანიამ "ზიონთან" ხელშეკრულება 5 სხვა პროექტზეც გააფორმა. ამასთან, ისრაელური კომპანია შავიზღვისპირეთშიც იქნება წარმოდგენილი.
""კაპიტალი" საქართველოში მოდის, რათა უზრუნველყოს მოწინავე სერვისები მოვლა-პატრონობის მიმართულებით. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ კომპანია "ზიონთან" გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს 6 პროექტს და მათ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას.
რამდენიმე თვიანი კვლევის შემდეგ გადავწყვიტეთ, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, შევსულიყავით შავი ზღვის ბაზარზე. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, სადაც "კაპიტალი" დააწესებს პოსტსამშენებლო მომსახურების უმაღლეს სტანდარტს - რაც გულისხმობს ინფორმირებულობას, სწრაფ რეაგირებას და მომხმარებლისადმი ყურადღებას", - აცხადებს ტალ ჰავა.
როგორც "ზიონის" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ნათია ცხადაია BMG-სთან აღნიშნავს, კომპანიამ Capital Maintenance-ის ტიპის ფირმასთან მუშაობის საჭიროება მას შემდეგ დაინახა, რაც კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მობინადრეებისთვის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის კომპონენტი მნიშვნელოვანია.
"Capital Maintenance-ს 15-წლიანი გამოცდილება აქვს და ისრაელში TOP 5 კომპანიაში შედის თავისი გამოცდილებით და პორტფოლიოთი. ის უზრუნველყოფს მოვლა-პატრონობასა და უსაფრთხოებას ისრაელის წამყვან, პრემიალურ კომპლექსებში.
"ზიონის" პროექტის დასაწყისიდანვე ჩავატარეთ კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ადამიანები ძალიან ღელავენ, თუ რა ხდება მშენებლობის დასრულების შემდგომ, აშენებულ ინფრასტრუქტურას შესაბამისი მოვლა-პატრონობა სჭირდება, ასევე იმ სტანდარტების დაცვა, რომელიც მობინადრეებს უსაფრთხოების შეგრძნებას შეუქმნის და მათი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა წუხს ამაზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გადავჭრათ მათი გამოწვევები, პროექტში თავიდანვე ჩავრთეთ კომპანია, რომელიც არის ძალიან გამოცდილი", - აღნიშნა ნათია ცხადაიამ.




























