ისრაელური ტექნოლოგიური კომპანიების მიერ 2025 წელს განხორციელებული გარიგებებისა და ბირჟებზე დალისტვის, ანუ აქციების პირველადი განთავსებების საერთო მოცულობამ $59 მილიარდს გადააჭარბა. შედარებისთვის, 2024 წელს ეს მაჩვენებელი $13.4 მილიარდს არ აღემატებოდა.
როგორც PwC Israel-ი წერს, ამ შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული წვლილი ამერიკული ტექ-გიგანტისა და Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის მიერ კიბერუსაფრთხოების ფირმა Wiz-ის შეძენამ შეიტანა. ამ გარიგების მოცულობა $32 მილიარდი იყო. ასევე გამორჩეული იყო ე.წ. ფინტექ კომპანიების, Next Insurance-ის $2.6 მილიარდად, ხოლო Melio-ს $2.5 მილიარდად შესყიდვები.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რომც არ ყოფილიყო მსგავსი მასშტაბური შეთანხმებები, სხვა კომპანიების მიერ დადებული შედეგი მაინც მკვეთრად გადააჭარბებდა გასული წლის მაჩვენებლებს და $27 მილიარდით განისაზღვრებოდა. ანუ, წლიურ ჭრილში ზრდა ორმაგი იქნებოდა. არსებული ინფორმაციით, 2025 წელს საჯარო კომპანიად გამოცხადდა და ბირჟებზე “დაილისტა” 7 მსხვილი კომპანია, რომელთა ჯამური შეფასებაც $14.6 მილიარდით გაიზარდა. შედარებისთვის, 2024 წელს აქციები საჯაროდ 6-მა ისრაელურმა ტექნოლოგიურმა ფირმამ გამოიტანა, თუმცა მათი კაპიტალის მოცულობა $781 მილიონზე მეტით არ გაზრდილა.
PwC Israel-ის ინფორმაციით, ყველაზე წარმატებული IPO წელს Navan-სა და eToro-ს ჰქონდათ. Nasdaq-ის ინდექსზე “დალისტვით” Navan-ის შეფასება $6.2 მილიარდით, eToro-სი კი $4.4. მილიარდით გაიზარდა.




























