მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ISS-ის ჩამოსაგდებად SpaceX-მა NASA-სგან $843-მილიონიანი კონტრაქტი მიიღო

ISS

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა აშშ-ის კოსმოსური სააგენტოსგან კიდევ ერთი კონტრაქტი მიიღო, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტიდან გაყვანას გულისხმობს. შეთანხმების თანახმად, მომდევნო ათი წლის განმავლობაში SpaceX-ი ახალი თაობის კოსმოსურ ხომალდს შექმნის, რომელიც კოსმოსურ სადგურს დედამიწაზე ჩამოიტანს და წყნარ ოკეანეში ჩამოაგდებს - თავად ხომალდი, რომელსაც US Deorbit Vehicle ჰქვია NASA-ს დარჩება. ამ ყველაფრისთვის, ილონ მასკის კომპანია $843 მილიონს მიიღებს.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის საბოლოო განსასვენებელი ე.წ. “კოსმოსური ხომალდების სასაფლაო” იქნება, ანუ წყნარ ოკეანეში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ ამერიკას შორის მდებარე ადგილი, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა ტიპის 300-მდე კოსმოსური ხომალდი თუ მოწყობილობა ჩამოვარდა, მათ შორის კაფსულები, სარაკეტო ბუსტერები და ტვირთი. ამ კოსმოსური ნაგვის უდიდესი ნაწილი სწორედ ISS-თან არის დაკავშირებული, ასე რომ კოსმოსური სადგურის სწორედ ასეთი დაბრუნება, ერთობ სიმბოლურიც არის.

თუმცა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპლუატაციიდან გამოყვანა მარტივი საქმე ნამდვილად არ იქნება, რადგან ის ძალიან მძიმეა და თან, ის არაერთგვაროვანი და ფაქტობრივად არააეროდინამიკურია აქვს. შედეგად, ISS-ის დაშლის პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება - თავდაპირველად, SpaceX-ი დედამიწაზე ISS-ის მზის პანელებს და რადიატორებს ჩამოაგდებს, რასაც ინდივიდუალური მოდულები და კოსმოსური სადგურის კარკასი მოჰყვება. თავად ეს პროცესი კი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დაძველებას უკავშირდება, რადგან დედამიწის ორბიტაზე ის 1998 წლიდან ბრუნავს და ექსპლუატაციის ვადა 2030 წელს ეწურება.

საინტერესოა, რომ კოსმოსში სადგურის შექმნა საერთო ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, იაპონია, კანადა და რუსეთი მონაწილეობდნენ. ამ დროისთვის, საერთაშორისო კოსმოსური სადგური ყველაზე დიდი ნაგებობაა, რომელიც ადამიანს კოსმოსში შეუქმნა. სადგური საფეხბურთო მოედნის სიგრძისაა და 420,000 კილოგრამს იწონის. დედამიწიდან, სადგური, საშუალოდ, 420 კილომეტრით არის დაშორებული და 28,000 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობს, ანუ დედამიწის გარშემო ერთი წრისთვის მას 90 წუთი, ანუ საათ-ნახევარი სჭირდება. გამოდის, რომ ასტრონავტები დედამიწის გარშემო დღეში 16 ბრუნს აკეთებენ, ხოლო მისიის განმავლობაში, რომელიც საშუალოდ ექვს თვეს შეადგენს, დედამიწას წრეს 2,880-ჯერ არტყამენ.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ისტორია ოფიციალურად 1998 წელს იწყება, როცა დედამიწის ორბიტაზე რუსული მოდული მოხვდა. ერთი თვის შემდეგ, ორბიტაზე მოდული ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც განათავსა, რასაც რამდენიმე კოსმოსური მისია მოჰყვა, რომელთა მიზანი მოდულების ერთმანეთთან დაკავშირება იყო. მომდევნო წლებში, კოსმოსური სადგური სწრაფად ვითარდებოდა და პროექტში მონაწილე ქვეყნები ახალ-ახალ მოდულებს ამატებდნენ, რითაც ISS-ის კვლევითი პოტენციალი და ფუნქციონალი ფართოვდებოდა. 2000 წლიდან, ISS-ზე როტაციის პრინციპით მუდმივად ცხოვრობენ ასტრონავტები, რომელთა დამსახურებით სადგური უნიკალურ კვლევით დაწესებულებად იქცა, რომელსაც დედამიწისა და კოსმოსის კვლევაში ლომის წილი მიუძღვის.

ISS-ის მართვა წელიწადში დაახლოებით $3.1 მილიარდი ჯდება, რის გამოც ქვეყნების ხელისუფლებებს სურთ, პროცესში კერძო კომპანიები ჩაერთონ, რომლებიც ისეთ სადგურებს მოაწყობენ, სადაც მოკლე ექსკურსიების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ეს გზავნილი კოსმოსური კომპანიებისთვის გასაგები და მისაღებია, რადგან კოსმოსურ ტურიზმში ისინი დიდ კომერციულ პოტენციალს ხედავენ. Vast-ისა და SpaceX-ის კოლაბორაციით შექმნილი სადგური ორბიტაზე წესით 2025 წლის ბოლოს უნდა გამოჩნდეს, ხოლო Blue Origin-ის “ორბიტული რიფი” კოსმოსში დეკადის ბოლოს გამოჩნდება. კიდევ ერთ სადგურზე Voyager-ი, Lockheed Martin-ი და Nanoracks-ი მუშაობენ, მაგრამ ის კოსმოსში სულ მცირე 2027 წლამდე არ გამოჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები