სამხრეთ კორეის კოსმოსურმა სააგენტომ დედამიწის ორბიტაზე მეორე სადაზვერვო თანამგზავრი განათავსა, რომლის მიზანს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალის კონტროლი წარმოადგენს. ეს თანამგზავრი SAR-ტექნოლოგიას ეფუძნება, ანუ ის ნებისმიერ ამინდში ფუნქციონირებს და მაღალი გარჩევადობის სურათებს რადიოლოკაციური ტალღების საშუალებით იღებს. ორბიტაზე თანამგზავრი SpaceX-ის Falcon 9-მ განათავსა, ხოლო თავად კოსმოსური ხომალდი შტატ ფლორიდაში მდებარე ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაეშვა.
თავად ის ფაქტი, რომ სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა სადაზვერვო თანამგზავრი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან გაუშვა მოულოდნელი არ არის, რადგან წლებია, რაც სახელმწიფოები სამხედრო დაზვერვის კუთხით თანამშრომლობენ და სამხრეთ კორეის ინფორმაციის დიდი ნაწილი, სწორედ შეერთებული შტატებიდან მოდიოდა. თუმცა პარალელურად ამისა, აზიურ სახელმწიფოს საკუთარი სადაზვერვო პროგრამის გაფაროთოებაც სურს, რისთვისაც 2025 წლისთვის დედამიწის ორბიტაზე ხუთი თანამგზავრის განთავსება არის დაგეგმილი.