მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ისთ ფოინთთან" ძაღლების თავშესაფარი აშენდება - მერია CBD Development-თან აფორმებს ხელშეკრულებას

6433c44871001
BM.GE
10.04.23 12:06
866
თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მშენებლობის მიზნით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ხელშეკრულება ფორმდება.

„ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, რაც მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობით, პრობლემის გადაჭრას ითვალისწინებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება. ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხში მდებარე 9 231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, შპს CBD Development-ი, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში, 1 მლნ 500 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. კომპანია იღებს ვალდებულებას, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტით, 15 წლის ვადით გადაეცემა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოსაწესრიგებლად საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტი კი მზადაა, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ყველა ნაბიჯი ამის შესაბამისად გადადგას.

„მიუსაფარი ცხოველების თემა ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ქალაქისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. თბილისში ძალიან სერიოზული პრობლემაა ამ მიმართულებით. თბილისში უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სხვანაირად, შეუძლებელი იქნება აღნიშნული პრობლემის მოგვარება. პარლამენტში უკვე დაწყებულია აღნიშნული კანონპროექტის განხილვა, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის შეხვედრა. არის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს ამ ცვლილებებზე ინფორმაციის მიღების საშუალება. არაერთხელ მითქვამს, რომ მუნიციპალიტეტი მზადაა, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რაც აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები