სირიის 80-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ქვეყნის ლიდერი ამერიკაში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა და ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება. ეს ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ თეთრმა სახლმა დაადასტურა და განმარტა, რომ ოფიციალური მიღება 10 ნოემბერს შედგება.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპისა და აჰმედ ალ-შარაას დაგეგმილ შეხვედრას წინ მაისში გამართული რიადის სამიტი უძღოდა, სადაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთის პირისპირ პირველად აღმოჩნდნენ. მაშინ ტრამპმა სირიისთვის დაწესებული სანქციების სრულად მოხსნის გადაწყვეტილება გამოაცხადა და დააანონსა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია დაიწყებოდა.
პოლიტიკის ანალიტიკოსების შეფასებით, ტრამპის გადაწყვეტილება, თეთრ სახლში მიიღოს წლების განმავლობაში ამერიკის მიერ ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი, მიუთითებს აშშ-ის სურვილს, კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები ახლო აღმოსავლეთში. განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან ურთიერთობაში, რომლებიც ასადის შემდგომ სირიას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
ცნობისთვის, აჰმედ ალ-შარაა რამდენიმე კვირის წინ კრემლსაც სტუმრობდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა და სირიის გაძევებული დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემა ითხოვა, თუმცა ოფიციალური მოსკოვისგან თანხმობა ვერ მიიღო. სავარაუდოდ, სწორედ ამ უარის გაგრძელებაა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის დაანონსება, რაც სირიის ამერიკასთან დაახლოებას და ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას უნდა მოასწავებდეს.




























