ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის ზრდის ეფექტი ქვეყნის რეალურ ეკონომიკაზე მინიმალურია.
საქმე ისაა, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 791 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით მეტია.
როგორც ხიშტოვანმა BMG-ის IT სექტორის ზრდის შეფასებისას განუცხადა, დარგი არაერთი საგადასახადო შეღავათით სარგებლობს, შესაბამისად, მისგან ფისკალური ეფექტი ნაკლებია.
“ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორზე ვიტყოდი, რომ მისი ეფექტი რეალურ ეკონომიკაზე არის მინიმალური. რადგანაც დიდწილად ის საწარმოები თუ ინდმეწარმეები, რომლებიც ამ სექტორში ზრდას უზრუნველყოფენ, იხდიან დაბალ გადასახადებს ქვეყნის ბიუჯეტში, ამიტომ ფისკალური ეფექტი არის მინიმალური. ესენი არიან ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, რომლებიც ნაწილობრივ შეიძლება არც კი ატარებენ მთლიან წელს საქართველოში, ანუ საქართველოს მოქალაქეებზე ამას აქვს დაბალი ეფექტი. ამასთან, დიდწილად ექსპორტზე ორიენტირებული სერვისები არის, აქედან გამომდინარე, შიდა ღირებულებათა ჯაჭვში მათი აქტივობა ნაკლებ როლს თამაშობს.
უბრალოდ, ჩამოვიდნენ უცხოელები, დარეგისტრირდნენ უცხოური კომპანიები, იმიტომ რომ აქ იხდიან დაბალ გადასახადებს და ქაღალდზე გვიწერენ მაღალ ეკონომიკურ აქტივობას, მაგრამ რეალურ ეკონომიკაზე ამას დიდი ეფექტი არ აქვს”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მეოთხე ადგილს იკავებს და ნომინალური მშპ-ს 8.2% უჭირავს.




























