Phubber-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი BM.GE-სთან სტარტაპ ეკოსისტემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ IT სექტორს შეუძლია ეკონომიკის წამყვანი დარგი იყოს.
მისი შეფასებით, 10 წლის თავზე სტარტაპ ეკოსისტემა ძალიან კარგად ვითარდება და ჯერ ყველაფერი წინ არის. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ 5-10 წლის განმავლობაში, პირველ ქართველ „უნიქორნსაც“ (მილიარდ დოლარად შეფასებული კერძო კომპანია) იხილავენ.
„სტარტაპ ეკოსისტემა ბოლო 10 წელია აქტიურად ვითარდება. რა თქმა უნდა, პირველი სტარტაპებისთვის, პირველი ნაბიჯები იყო ძალიან რთული. ყველაფერი იყო გამოწვევებით აღსავსე. თანამედროვე სტარტაპებისთვის ახლა ბევრად მეტი შესაძლებლობაა როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე Gita-ს მხარდაჭერით, ამასთან, ვენჩურული ფონდები და ენჯელ ინვესტორები (ინვესტორები, რომლებიც სტარტაპების პატარა წილებს ყიდულობენ იმ იმედით, რომ კომპანია ძალიან გაიზრდება და ასევე მათი წილიც) უფრო გააქტიურებულები არიან.
რამდენიმე თვის წინ, GITA 2.0-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სტარტაპ ეკოსისტემას ეკონომიკის სტრატეგიის ცენტრში აქცევს და რაღაც საგადასახადო ბენეფიტებსაც და სტატუსის შემოღებას გულისხმობს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი შეფასებით, 10 წლის თავზე სტარტაპ ეკოსისტემა ძალიან კარგად ვითარდება და ჯერ ყველაფერი წინ არის.
"მგონია, რომ შემდეგი 5-10 წლის განმავლობაში, პირველ ქართველ უნიქორნსაც ვნახავთ. ჩემი აზრით, IT ინდუსტრიას, რომელიც სტარტაპების ნაწილიცაა, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. უკვე 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა IT სერვისების ექსპორტმა ქვეყანაში. სხვა ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებს რომ შევადაროთ IT სექტორი, რომლებიც ეკონომიკის ნაწილია, IT სერვისების აუთსორსინგს (კომპანიისთვის საჭირო მომსახურების მიღება გარე წყაროდან) და ექსპორტს მალე ქვეყნის ექსპორტში ყველაზე დიდი წილი ექნება. ეს არის დასაწყისი და ეს 2 მლრდ შეიძლება ავიდეს 4-6 და 10 მლრდ დოლარზეც. უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ტექნოლოგიებით, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნით და განვითარებით. შესაბამისად, მგონია, რომ IT სექტორს შეუძლია იყოს ეკონომიკის წამყვანი დარგი“,- აცხადებს ჩუგოშვილი.
Phubber-ის თანადამფუძნებელი გამოწვევებზეც საუბრობს. მისი თქმით, გამოწვევები არის პირველ რიგში ის, რომ ქვეყანა არის პატარა, არის დაბალი მსყიდველუნარიანობა და რეგიონში გასვლა იურიდიულ და ეკონომიკურ ბარიერებთან არის დაკავშირებული, რაც აშშ-ს, ევროკავშირის ან სხვა დიდ ეკონომიკებში არ არის. თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ გამოწვევების მიუხედავად ბევრი შესაძლებლობაა სტარტაპის წარმოების კუთხით. ჩუგოშვილის შეფასებით, საქართველოში სტარტაპის დაწყება უფრო მარტივად, ნაკლები დანახარჯებითაა შესაძლებელი. ამასთან, ქვეყანაში კვლავ ბევრი მიმართულებაა დასაფარი, შესაბამისად, ქვეყანაში შესაძლებლობები გამოწვევებს აღემატება.