2023 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 14.5%-ით (223.8 ლარით) გაიზარდა და 1 766.8 ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 858.5 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 27.2 %-ით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 3 215.2 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 17.8%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 506.5 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 9.7%-ით).
ამასთან, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს. 2023 წელს ქალების შემთხვევაში საშუალო ხელფასი 177.7 ლარით (14.2%) 1 425.4 ლარამდე, ხოლო კაცების 272.9 ლარით (14.9%) 2 099.8 ლარამდე გაიზარდა.
2023 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 221.4 ლარით (13.8%) გაიზარდა და 1 827.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 958.3 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 27.1%-ით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 813.9 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 8.2%-ით) დარგში ფიქსირდება.
2023 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 226.0 ლარით (15.9%) და 1 649.6 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.