მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იტალია, მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროსტრუქტურებში" - კალაძე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

სს

კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

„მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ძალიან კარგი ელჩი გყავთ, მადლობა მას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან მეტი თანამშრომლობა. საქართველოს ღიად აქვს გაცხადებული ევროპული კურსი, თუმცა ვხედავთ არასამართლიან დამოკიდებულებას ამ გზაზე. ჩვენ არავის ვებრძვით, მხოლოდ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. მზად ვარ, ყველანაირად შევუწყო ხელი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, თავის მხრივ იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა იტალიის მზაობას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.

„მიხარია თქვენთან შეხვედრა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. იტალია, მხარს უჭერდა და მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სწრაფვას ევროსტრუქტურებში“, - აღნიშნა ედმონდო ჩირიელიმ.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო დაესწრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები