იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ ქვეყანა პრეზიდენტ ტრამპის მიერ შექმნილ ახალ ორგანიზაცია “მშვიდობის საბჭოს” დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდება.
აფრიკული გაერთიანების სამიტზე, ადის-აბებაში სიტყვით გამოსვლისას მელონიმ თქვა, ამ ნაბიჯით ოფიციალური რომი მოახერხებს ტრამპის ახალ წამოწყებას ისე შეუერთდეს, რომ არ დაარღვიოს კონსტიტუცია.
იტალიას მსგავს გაერთიანებაში წევრობას მკაცრად უკრძალავს.
მელონიმ არ გამორიცხა, რომ 19 თებერვალს, ვაშინგტონში დაგეგმილ “მშვიდობის საბჭოს” პირველ სამიტსაც დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს.
სიტყვით გამოსვლისას მელონი გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის შტატებისადმი კრიტიკულ გამოსვლასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ევროპისთვის ასეთ რთულ დროს კონტინენტის ლიდერების ამოცანა არა ამერიკისაგან მეტი დისტანცირება, არამედ მეტი პარტნიორობით ევროპის სტრატეგიული ინტერესების გატარება უნდა იყოს. როგორც მელონიმ განაცხადა, “მშვიდობის საბჭოს” დამკვირვებელ წევრად ყოფნა სწორედ ამ მიზანს მოემსახურება. იტალიის ლიდერმა მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა გერმანიას და ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც ახალ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ საკონსტიტუციო შეზღუდვებს ასახელებდა.




























