BBC-ის ინფორმაციით, იტალიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული, 700 მილიონი დოლარის ღირებულების იახტის ჩამორთმევის ბრძანება გასცა.
გამოცემის ცნობით, „შეჰერაზადა“ გასული წლის სექტემბრიდან ტოსკანის პორტში რემონტს გადიოდა.
„შეჰერეზადეს“ ზუსტი მფლობელი უცნობია, მაგრამ როგორც BBC წერს, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა New York Times-ს განუცხადეს, რომ ის შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნოდეს.
ასევე არსებობს ვარაუდი, რომ იახტა, რომელსაც ორი ვერტმფრენის სადესანტო მოედანი და საცურაო აუზი აქვს, ეკუთვნის ედუარდ ხუდაინატოვს, რუსული ენერგეტიკული გიგანტის Rosneft-ის ყოფილ ხელმძღვანელს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის სანქციების სამიზნე არ არის.
აღსანიშნია, რომ ბევრი სუპერიახტა რუს მილიარდერებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მისი მესაკუთრის ვინაობა გასაიდუმლოებულია, რადგან მათ უმეტესად ოფშორული კომპანიები ფლობენ.




























