იტალიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს მეგა იახტა ჩამოართვა. ამის შესახებ CNN იტალიის ფინანსური პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ხომალდი სახელწოდებით "SY A", მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს იახტად ითვლება და მისი ღირებულება დაახლოებით 578 მილიონი დოლარია. იახტა ტრიესტის პორტში იყო გაჩერებული.
ანდრეი მელნიჩენკოს ევროკავშირმა სანქციები 9 მარტს დაუწესა. როგორც ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მელნიჩენკო და 36 სხვა ბიზნესმენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ შეხვდნენ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო.
შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების პოტენციური ეკონომიკური ზემოქმედების განხილვა გახლდათ.
„ის ფაქტი, რომ მიწვეული იყო ამ შეხვედრაზე აჩვენებს, რომ ის არის ვლადიმერ პუტინის უახლოესი წრიდან და მხარს უჭერს ან ახორციელებს პოლიტიკას, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უკრაინაში,“- ნათქვამია სანქციებთან დაკავშირებით მიღებულ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში.




























