მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში, ოპერაციებისას გამოიყენებენ სამედიცინო სახარჯ მასალას, წარწერით MADE IN GEORGIA

63eb87d2c3c56
თამთა ჯიჯავაძე
14.02.23 16:26
2056
“იტალიაში, 62 000 პაციენტის ქირურგიული პროცედურის დროს გამოყენებული იქნება სამედიცინო სახარჯი მასალა, რომელსაც აწერია: MADE IN GEORGIA. რომ ვიხსენებ, საიდან დავიწყეთ, ცოტა არ მჯერა, მაგრამ ძალიან მაგარი გუნდის მართლა თავდადებით, ეს ასეა“, - ამის შესახებ სამედიცინო სახარჯი მასალის მწარმოებელი კომპანია „დოქტორ გუდსის“ მმართველმა დირექტორმა, მამუკა ხადურმა დაწერა სოციალურ ქსელში.

Bm.ge კომპანიას დაუკავშირდა და როგორც გაირკვა, იტალიაში სატესტო ექსპორტი "დოქტორ გუდსმა" პირველად 2022 წლის ზაფხულში გაიტანა, რასაც მოჰყვა შემდგომი გრძელვადიანი კონტრაქტები.

როგორც „დოქტორ გუდსის“ მმართველი პარტნიორი, მამუკა ხადური აღნიშნავს, იტალიის გარდა, კომპანიას ძლიერი დისტრიბუტორები ჰყავს ინგლისში, ესპანეთში, საბერძნეთში, კვიპროსში. „აქტიურად ვმუშაობთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთანაც“, - განაცხადა მან.

„დოქტორ გუდსი“ მინიმუმ 65 სახეობის პროდუქტს აწარმოებს. "ჩვენ ვაწარმოებთ ყველა ტიპის ქირურგიული ოპერაციის დროს გამოსაყენებელ ერთჯერად ნაკრებს. აღნიშნული ნაკრებით ხდება არა მარტო ჭრილობის არეალის შემოფარგვლა არამედ სრულად პაციენტის, სამედიცინო ტექნიკისა და სამედიცინო პერსონალის პერსონალური დაცვა", - აღნიშნა ხადურმა.

კომპანიაში მიმდინარე წელს საექსპორტო რეალიზაციის მხრივ 5.5-6 მილიონი ევროს გაყიდვები აქვთ დაგეგმილი.

„მაქსიმალური კონცენტრაცია ექსპორტზე, რადგან ადგილობრივ ბაზარზე არსებული ხარისხის თამასა ჩვენთვის მიუღებელია. ვფიქრობთ, რომ თუ არ იქნება რადიკალური ცვლილებები სტანდარტებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბაზრიდან საერთოდ გავალთ და სრულად ექსპორტზე ვიქნებით კონცენტრირებული“, - აცხადებს მამუკა ხადური.

„დოქტორ გუდსში“ Bm.ge-სთან ინტერვიუს ფარგლებში 2022 წლის შედეგებიც შეაჯამეს. როგორც კომპანიაში მიიჩნევენ, წლის მთავარი მიღწევა უფრო და უფრო მეტი ევროპელი ექიმის, კლინიკის და დისტრიბუტორის ნდობის მოპოვება იყო.

„ქირურგიული სახარჯი მასალების ბაზარზე შესვლა ისეთი ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, რომელსაც ამ სექტორში საერთოდ არ აქვს ისტორია, ძალიან რთულია. როდესაც ქართული ღვინის ან მინერალური წყალის გაყიდვას ცდილობ, ზურგს ბრენდი გიმაგრებს, ბრენდი, რომელსაც საქართველო ჰქვია. ჩვენ შემთხვევაში კი, ეს ასე არ არის“, - აღნიშნა კომპანიის მმართველმა დირექტორმა.

ცნობისთვის, „დოქტორ გუდსი“ პირველი ქართული საწარმოა, რომელიც სამედიცინო სახარჯ მასალებს 2019 წლიდან აწარმოებს. მას მიღებული აქვს სამედიცინო მასალების მწარმოებლის, უმაღლესი კლასის სტანდრტის ISO13485 სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები