მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის რამდენიმე რეგიონში წყლის მოხმარებაზე, მათ შორის ავტორეცხვასა და აუზების შევსებაზე, შეზღუდვები დაწესდა

62c5c16228c30
მარიამ ადამია
07.07.22 00:30
1022
იტალიაში ბოლო 70 წლის განმავლობაში, გვალვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ჩრდილოეთით, ხუთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდა. პარალელურად, რამდენიმე მუნიციპალიტეტი წყლის რაციონის განსაზღვრის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს, მათ შორისაა ვერონა და პიზაც. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს. 

გვალვის მიზეზებს შორის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, ნალექის სიმცირეც სახელდება, რადგან წელს იტალიაში 50%-ით ნაკლები წვიმა მოვიდა, რაც თავისთავად, ზრდის ხანძრის საშიშროებასაც და თავად ფაქტებიც, მომრავლებულია. იტალიის ფერმერთა ეროვნული კონფედერაციის ცნობით, ყოველ ორ დღეში ერთხელ, ხანძრის ახალი შემთხვევა ფიქსირდება. იყო სხვა კატასტროფებიც. მაგალითად იტალიის ალპებში მყინვარის ნაწილი ჩამოიშალა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული. ასე რომ ოთხთვიანი უნალექობის ფონზე, ჩრდილოეთ იტალია გვალვას ებრძვის, რომლის მსგავსი, 1952 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ამასთან იტალიაში ყველაზე გრძელი მდინარე პო წყლის რეკორდულად დაბალ დონეს აღწევს. ამის მიზეზი, მთებში თოვლის ნაკლებობაა, რომლებიც ჩვეულებრივ მდინარეს კვებავს. ამიტომაც უზარმაზარი წყალგამტარი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით ალპებიდან აღმოსავლეთ სანაპიროზე ადრიატიკის ზღვამდეა გადაჭიმული, რამდენიმე რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია და ის ჩრდილოეთ იტალიაში სასმელი წყლისთვის, კულტურების სარწყავად და ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოიყენება. სხვა დანარჩენი მდინარეები კი დამშრალია. მაგალითად არნო, რომელიც ფლორენციაში მიედინება და ადგილობრივებს ონკანის წყალით ამარაგებს.

წყლის დეფიციტის შესამსუბუქებლად 36,5 მილიონი ევრო გამოიყო.

გარდა ამისა, იზრდება შიში ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით, რომლებმაც ბოლო თვეებში 40-50%-თ ნაკლები ელექტროენერგია გამოიმუშავეს. იტალიაში დაიწყეს ამკრძალავი ზომების დაწესებაც, რათა წყლის გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოხდეს. ამიტომაც არ შეიძლება მანქანების რეცხვა, ბაღების მორწყვა და გარე ეზოს გაწმენდა. ვერონასა და პიზაში სასმელი წყლის გამოყენება არ შეიძლება საცურაო აუზების შესავსებად, ბაღებისა და სპორტული მოედნების მორწყვისთვის, მანქანების რეცხვისთვის ან ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც არ არის მკაცრად აუცილებელი ადამიანის საჭიროებისთვის.

მილანში დეკორატიული საზოგადოებრივი შადრევნები გამორთულია და მსგავსი შეზღუდვა დაწესდა მეზობელ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ემილია რომანასა და პიემონტეში. გვალვის გამო იტალიაში ტურისტებისთვის საზღვრები არ ჩაკეტილა, თუმცა მოგზაურებმა უნდა გაითვალისწინონ ის ზომები, რაც წყალთან მიმართებით დაწესდა. შეზღუდვები ძალაში დარჩება 31 აგვისტომდე და პირები, რომლებიც შეზღუდვებს დაარღვევენ, შეიძლება 500 ევრომდე დაჯარიმდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები