იტალიურ ფეხბურთში ფინანსური პრობლემებია და სხვადასხვა გუნდები ფინანსური დანაკარგების შემცირებას ცდილობენ. განსაკუთრებით ეს სატელევიზიო უფლებებისგან მიღებულ შემოსავლებს ეხება.
აქედან გამომდინარე იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ დაამტკიცა წესი, რომლის მიხედვითაც სერია ა-დან გავარდნილი გუნდების ფეხბურთელების ხელფასები ავტომატურად 25%-ით შემცირდება. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს თითოეულ გუნდს, რომ ფინანსები დაზოგონ.
ხელშეკრულების 5.2 მუხლის მე-7 პუნქტში წერია: „ნებისმიერი გუნდის სერია ბ-ში გავარდნის შემთხვევაში, ფიქსირებული ანაზღაურება ავტომატურად 25%-ით მცირდება. ამ პუნქტში მითითებული შემცირება ძალაში შედის გავარდნის სეზონის მომდევნო სეზონიდან და ძალაში რჩება შემდეგი სეზონებისთვის. თუ გუნდი სერია ა-ში კვლავ დაწინაურდება, ხელფასი საწყის დონეს დაუბრუნდება.“




























