შრომის უსაფრთხოების კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით, სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მდგომარეობა უმჯობესდება. თუკი წლების წინ ბიზნესის ნაწილი სტანდარტების დანერგვას მხოლოდ ჯარიმისგან თავის არიდების მიზნით ცდილობდა, დღეს ამ ნაწილში მიდგომები შეცვლილია, თუმცა ბაზარზე არაერთი გამოწვევაა.
გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას კომპანია SafCo-ს და HSE GEORGIA -ს დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მაჩვენებლების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია ორგანული კანონის დახვეწა კანონქვემდებარე აქტებით, რაც სექტორისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცევა. კომპანია SafCo-ს დირექტორი დავით თხელიძე ამბობს, რომ რეალური შედეგის მიღებისთვის აუცილებელია პროცესში მენეჯმენტის ჩართულობაც.
„რამდენიმე წელია, რაც საკონსულტაციო კომპანიების კულტურა ჩამოყალიბდა, ასევე ფიზიკური პირების, რომლებიც გადამზადებას გადიან და დამქირავებლებს მსგავსს სერვისს სთავაზობენ. ბიზნესი თითქოს უკვე შეეგუა იმას, რომ შრომის უსაფრთხოების ნაწილში გარკვეული ღონისძიებები ჩასატარებელია. ახლა ელოდება უფრო მეტს და ამაში რას ვგულისხმობ. ერთ ქოლგად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ორგანული კანონი, რომლის ქვეშაც უნდა წამოვიდეს ტექნიკური რეგლამენტები. თუ არ დაემატა სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტები ის დარჩება ცარიელ კანონად. ამ ეტაპზე ფაქტობრივად გვაქვს 2-3 რეგლამენტი და სხვადასხვა დადგენილება რომელ ძალიან ცოტაა, იმისთვის რომ შეივსოს ეს ორგანული კანონი გვჭირდება გაცილებით მეტი. დამსაქმებლისთვისაც უმნიშვნელოვანესია რომ ჰქონდეს ერთგვარი სახელმძღვანელო. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სწრაფად უნდა გავხდეთ ამ პირობების შემსრულებელი.
ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ შრომის უსაფრთხოების მართვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პროცესში ჩაერთოს კომპანიის მენეჯმენტი, სხვა შემთხვევაში ვიღებთ მაქსიმუმ 30%-იან შედეგს. როგორც კი ამას გაითავისებს მენეჯმენტი 100%-იან გარანტიას ვიძლევი, რომ როგორც სფერო, ისე ქვეყანა ეკონომიკურად წინ წავა“, – მიიჩნევს თხელიძე.
კომპანია HSE GEORGIA-ს დამფუძნებლის ირაკლი ქარჩავას თქმით, კომპანიების მხრიდან მიმართვიანობა ყოველწლიურად 30%-იდან 40%-მდე იზრდება. მიუხედავად ამისა, მთავარი შეცდომა, რასაც სამშენებლო სექტორი უშვებს, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით სამშენებლო ობიექტებზე კუსტარული მოწყობილობების გამოყენებაა.
„გარდა მყისიერი საფრთხეებისა, ჩვენი კომპანია მუშაობს პრევენციაზე დაავადებების მხრივაც, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს კონკრეტულ სექტორებს და ვლინდებოდეს წლების შემდეგ. ამ ნაწილში იხვეწება ხარისხიც და კომპანიებიც უფრო აღიქვამენ უსაფრთხოების დაცვის საჭიროებას არა მხოლოდ ჯარიმისგან თავის არიდებისთვის, არამედ მათი იმიჯისთვისაც. როცა კომპანია იცავს დასაქმებულებს ნეგატიური ფაქტორებისგან, ეს ბევრს ამბობს მათზე.
მთავარი შეცდომა, რომელსაც კომპანიები უშვებენ უკავშირდება ხარჯების ოპტიმიზაციას, რომლის გამო შესაძლოა არ განახორციელონ იმ ტექნიკური საშუალებების შეძენა, გადაიარაღება, რომელსაც საბოლოო ჯამში კომპანიები ფატალურ შედეგამდე მიჰყავს. ძვირად ღირებულია ეს პროცესი, იგივე ხარაჩოების მოწყობა, რომელიც უნდა იყოს ქარხნული, დღესაც გვხვდება რიგ ობიექტზე ხით აჭედილი ხარაჩოები, რომელსაც უსაფრთხოების სტანდარტები არ გააჩნია. კოლექტიური თუ ინდივიდუალური საჭიროებები უნდა იყოს გათვალისწინებული.
მომართვიანობა მზარდია 2019 წლიდან და ჩვენი კომპანიის მაგალითზე ეს ზრდა წლიურ ჭრილში 30-40%-მდე მერყეობს“, - განაცხადა ქარჩავა.