ბრიტანული სატელევიზიო ქსელის, ITV-ის უახლესი დოკუმენტური ფილმის, Kingdom Uncovered: Inside Saudi Arabia-ს თანახმად, საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველის, მუჰამედ ბინ სალმანის ფუტურისტული ქალაქის, NEOM-ის მშენებლობაზე 21,000-ზე მეტი ინდოელი, ბანგლადეშელი და ნეპალელი მუშა გარდაიცვალა.
NEOM-ის მშენებლობაზე დასაქმებულები ჰყვებიან, რომ მუშაობა არასათანადო პირობებში უწევთ. ამასთან, როგორც ირკვევა, უშუალოდ პროექტისთვის საუდის არაბეთის ხელისუფლებამ 20,000-ზე მეტი ადგილობრივი მკვიდრი გადაასახლა.
ფუტურისტული ქალაქი NEOM-ი, რომელსაც საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე და ქვეყნის დე ფაქტო მმართველი, მუჰამედ ბინ სალმანი მის ქვეყანაში აშენებს, შინაარსით და მასშტაბით ერგება არა დუბაიში მდებარე ბურჯ-ხალიფას, არამედ გიზის პირამიდებს, რადგან თუ ქალაქი NEOM-ი მართლაც აშენდა, ეს ნამდვილი არქიტექტურული სასწაული იქნება. თავისი არსით, NEOM-ი დიდი ქალაქია, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ტაბუკის რეგიონში შენდება. NEOM-ი 26,500 კილომეტრის ფართობის მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ანუ ეს ქალაქი დაახლოებით საქართველოს ტერიტორიის მესამედ დაიკავებს.
მუჰამედ ბინ სალმანისთვის და საუდის არაბეთისთვის NEOM-ი სიმბოლოა, რომლითაც არაბული გიგანტის ტრანსფორმაცია იწყება. ნავთობმომპოვებელი გიგანტი მთავარ წიაღისეულზე უარს ჯერჯერობით სრულად არ ამბობს, მაგრამ ხვდება, რომ დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად მოუწევს. ამგვარად, საუდის არაბეთი მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებზე გადადის და ინფრასტრუქტურის განახლებასთან ერთად, უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებსაც ყიდულობს. დღეს, NEOM-ის პროექტის მფლობელი საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რომელიც მუჰამედ ბინ სალმანის მთავარი ფინანსური ჰოლდინგია, Amazon-ის, PayPal-ის, Electronic Arts-ის, Microsoft-ის, Pinterest-ის და კიდევ არაერთი დიდი ტექნოლოგიური კომპანიის წილის მფლობელია.