საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრები მოუწოდებენ პარლამენტს, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა და არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტმა ხვალ უნდა უყაროს კენჭი.
"საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, ადვოკატთა პროფესიული გაერთიანება, რომელიც აერთიანებს საქართველოში მოქმედ 21 უმსხვილეს იურიდიულ კომპანიას, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გამოიყენოს შესაძლებლობა, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გაითვალისწინოს მისი მოტივირებული შენიშვნები.
ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, ვთვლით, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, პრაქტიკულად გამორიცხავს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას და გაუმართლებლად ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. კანონი, არ ემსახურება განსაკუთრებულ საზოგადოებრივ საჭიროებას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის სტიგმატიზებას, ზედმეტ და სახიფათო უფლებებს ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, რაც გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, მათ შორის გამოხატვის, სიტყვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოების და სხვა მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების გაუმართლებელ და არაპროპორციულ შეზღუდვას, მედია სივრცის დავიწროებას და ქართული სამოქალაქო საზოგადოების პარალიზებას.
კანონის შენარჩუნება, ამავე დროს, საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობისგან იზოლაციაში აქცევს. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მოქმედება ცდება მხოლოდ ზოგიერთი სუბიექტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, შესაძლებელია გახდეს განსხვავებული აზრის დევნის საშუალება და შექმნას ქვეყანაში ავტოკრატიის დამყარების შესაძლებლობა.
ვიზიარებთ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ სამართლებრივ დასკვნას, რომელიც შეიცავს კანონის დეტალურ, მუხლობრივ შეფასებას, მის შედარებას სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებულ საკანონმდებლო პრაქტიკასთან და რომელიც ასკვნის, რომ კანონი შეუსაბამოა საერთაშორისო კონვენციებით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებთან.
ამავე დროს, იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთათვის მიუღებელია კანონშემოქმედებითი პროცესის წარმართვა არასათანადო წესით, არადემოკრატიულად და პროფესიული წრეების და ფართო საზოგადოების მოსაზრების სრული იგნორირებით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაძლიოს საქართველოს პრეზიდენტის ვეტო და გაითვალისწინოს მისი მოტივირებული შენიშვნები", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
1. “ბეგიაშვილი და კომპანია” (BCO)
2. “ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისიზ ჯორჯია” (BGI)
3. “ბირკაია კვანტალიანი”
4. “ბიზნეს ლიგალ ბიურო” (BLB)
5. “ბი-ელ-სი” (BLC)
6. “აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი" (CLI)
7. “იუაი” (EY)
8. “ქართული იურიდიული საკონსულტაციო კომპანია” (GLCC)
9. “ჯი-ელ-სი-ჯი” (GLCG)
10. “ქართული იურიდიული ჯგუფი” (GLP)
11. „გრატა ინტერნეშენალ ჯორჯია“ (GRATA International)
12. „კორძაძის საადვოკატო ბიურო“
13. “KMG Georgia”
14. ელთიეი (LTA)
15. “მაკგილი” (McGill)
16. “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“
17. “ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო” (PwC)
18. „სუქნიძე და პარტნიორები“
19. “სვანიძე და პარტნიორები”
20. იურიდიული ფირმა “VBAT”
21. "ზედელაშვილი და ადვოკატთა ჯგუფი”