მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იურიდიული კომიტეტიდან უკვე შვიდი დეპუტატი გააძევეს

ანრი ოხანაშვილი

იურიდიული კომიტეტიდან, სადაც "რუსული კანონის" განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს, უკვე შვიდი დეპუტატი გააძევეს. ბოლო დეპუტატი, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დარბაზი დაატოვებინა, ანი წითლიძე იყო. მანამდე კი გააძევა გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და ქეთევან თურაზაშვილი.

ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს კითხვის დასმის პროცესში მიკროფონს უთიშავდა და აცხადებდა, რომ მათი კითხვები არის პირველი მოსმენის პროცედურა და რეგლამენტის დარღვევა. ამას კი ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი და გაღიზიანება მოჰყვა. დეპუტატების დარბაზიდან გაძევების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

ცნობისთვის, "რუსული კანონის" განხილვა მეორე მოსმენით კომიტეტზე პერიოდულად ხმაურით მიმდინარეობს.

კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები