რა იქნება საქართველოს მომავალი თაობისთვის სასურველი პროფესია - ამის შესახებ კითხვა 15 წლის მოსწავლეებს დაუსვეს, რომლებმაც PISA-ს კვლევაში მიიღეს მონაწილეობა. კვლევა OECD-ის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში განათლების პოლიტიკის ეფექტიანობას ზომავს. საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობდა 267 სკოლის 6,583 მოსწავლე.
კვლევის ამ თავის თანახმად, წინა წლებთან შედარებით შემცირებულია მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც თავიანთი მომავალი სასურველი პროფესიის შესახებ იციან. 2015 წელს ეს მონაცემი 73% იყო, 2018 წელს - 68%, ხოლო 2022 წელს კი 57%-მდე შემცირდა.
მოსწავლეების მიერ ყველაზე ხშირად დასახელებული პროფესიების მიხედვით, PISA-ს წინა ციკლების შედეგების მსგავსად, 2022-შიც პირველ პოზიციას კვლავ იურისტობა იკავებს. ყველაზე ხშირად დასახელებულ პროფესიებს შორის მეორე ადგილზე ვხვდებით პროგრამისტობას, რომელიც 2018 წელს დასახელებულ საქმიანობებს შორის მეოთხე ადგილზე იყო. პროგრამისტის პროფესიის ასეთი ზრდა გამოწვეულია ბიჭების მიერ ამ პროფესიის ყველაზე ხშირად დასახელებით (15.9%). ბიჭების შემთხვევაში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა სპორტსმენობამ (10.7%), რომელიც როგორც 2015 (10.4%), ასევე 2018 (8.8%) წლებში ყველაზე ხშირად დასახელებული პროფესია იყო.
გოგონების შემთხვევაშიც, წინა წლების მსგავსად, ყველაზე ხშირად დასახელებული პროფესია კვლავ იურისტობაა (12.7%), თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათ მიერ ყველაზე ხშირად დასახელებულ 10 პროფესიაში, წინა ციკლებისგან განსხვავებით, მოხვდა პროგრამისტობაც (3%).
რაც შეეხება თავად ქართველი მოსწავლეების აკადემიური მოსწრების შედეგებს, წინა კვლევასთან შედარებით მცირედი გაუარესება აღინიშნება როგორც წაკითხულის გააზრების, რაოდენობრივი მსჯელობის მიმართულებით, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნის ქულაში მცირედი გაუმჯობესებაა.
ანგარიშის თანახმად მათემატიკის ცოდნით #1 ადგილს კვლავ სინგაპურელი მოსწავლეები იკავებენ და მათი საშუალო ქულა 575-ია, 15 წლის ქართველი მოსწავლეების შედეგია 390, რითიც ის პერუსა და საუდის არაბეთს შორის იკავებს ადგილს. ამასთან წინა წელთან შედარებით შედეგი 8 ქულით არის გაუარესებული.
წაკითხულის გააზრებაშიც საუკეთესო შედეგი სინგაპურელ მოსწავლეებს აქვთ (543 ქულა), საქართველოს შედეგია 374 ქულა (გაუარესება 6 ქულა 2018 წლის კვლევასთან შედარებით). ამ შედეგით საქართველო გვატემალასა და პარაგვაის შორისაა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნით მსოფლიოში #1 ადგილს ასევე სინგაპურელი მოსწავლეები იკავებენ და მათი საშუალო ქულაა 561. საქართველოს შემთხვევაში ქულა არის 384, რაც წინა წელთან შედარებით 1 ქულით არის გაუმჯობესებული.