ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) “მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების” (PISA) 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2018 წლის შემდეგ ქართველი მოსწავლეების შედეგები კიდევ უფრო დაეცა მათემატიკისა და კითხვითი დავალებების ნაწილში, საბუნებისმეტყველო მიმართულებით კი მათი ცოდნა მცირედით გაუმჯობესდა. ამასთანავე, მკვეთრადაა გაუარესებული ქართველი მოსწავლეების შედეგები სამივე კატეგორიაში 2015 წლის შემდეგ.
2022 წლის ანგარიშის თანახმად, ქართველი მოსწავლეების ცოდნა მათემატიკაში, საშუალოდ 390 ქულით შეფასდა, წაკითხულის გააზრებაში 374 ქულით, ხოლო მეცნიერება/ბუნებისმეტყველებაში - 384 ქულით. 2018 წელს კი ანალოგიური შედეგები, შესაბამისად, 398, 380 და 383 იყო. რაც შეეხება 2015 წელს: მათემატიკა - 404, კითხვა - 401, მეცნიერება კი - 411 ქულა.
2015 წლიდან 2022 წლამდე მათემატიკაში ქართველი მოსწავლეების შედეგები, საშუალოდ, 19.8 ქულით გაუარესდა. ამავე პერიოდში 37.6 ქულით დაიწია მოსწავლეების საშუალო შეფასებამ წაკითხულის გააზრებაში, რაც შეეხება მეცნიერების მიმართულებით ცოდნის დონეს, 2015 წლის შემდეგ ის 35.9 ქულით შემცირდა.
სრულ რეიტინგში ქვეყნის საშუალო ქულამ, სამივე კატეგორიის გათვალისწინებით, 387 შეადგინა, რითაც საქართველომ ყველაზე დაბალი საშუალო ქულის მქონე ქვეყნების რეიტინგში მეცხრე ადგილი დაიკავა:
- დომენიკის რესპუბლიკა - 334.3
- ფილიპინები - 350.0
- კოსოვო - 361.3
- პანამა - 365.0
- მაროკო - 368.0
- ლიბანი - 376.7
- ინდონეზია - 382.0
- საუდის არაბეთი - 386.0
- საქართველო - 387.0
- არგენტინა - 395.0
ანგარიშის თანახმად, ყველაზე მაღალი შეფასებები ჩინეთის, სინგაპურის, ესტონეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, კანადის, ტაივანის, ფინეთის, პოლონეთისა და ირლანდიის მოსწავლეებმა მიიღეს.
PISA-ს ტესტირება 3 წელიწადში ერთხელ მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის მასშტაბით, 15 წლის მოსწავლეთა შორის ტარდება.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) აღნიშნული ტესტები 2000 წელს დანერგა. რეიტინგის შედგენაში OECD-ის წევრ ქვეყნებთან ერთად, ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნებიც მონაწილეობენ. რეიტინგი განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში განათლების სისტემების ხარისხის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
წყარო: Pisa Scores by Country; OECD