ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) “მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების” (PISA) 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2018 წლის შემდეგ ქართველი მოსწავლეების შედეგები კიდევ უფრო დაეცა მათემატიკისა და კითხვითი დავალებების ნაწილში, საბუნებისმეტყველო მიმართულებით კი მათი ცოდნა მცირედით გაუმჯობესდა. ამასთანავე, მკვეთრადაა გაუარესებული ქართველი მოსწავლეების შედეგები სამივე კატეგორიაში 2015 წლის შემდეგ.
აღნიშნული შედეგების შეფასება BM.GE-იმ განათლების მინისტრს გიორგი ამილახვარს სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციის შემდეგ სთხოვა. უწყების ხელმძღვანელი Pisa-ს რეიტინგში საქართველოს შედეგებს მინისტრი კოვიდპანდემიის გავლენით ხსნის და აცხადებს, რომ რეფორმები, რომლებიც განათლების სამინისტრომ დააანონსა რამდენიმე წელში ამ შედეგებს გააუმჯობესებს.
„Pisa-ს ბოლო კვლევით, რა თქმა უნდა, სახარბიელო შედეგები არ გვაქვს და ვერავინ ამით თავს ვერ მოიწონებს, მაგრამ ვინც ამ საკითხებით ინტერესდებით და აშუქებთ, გთხოვდით, დაინტერესდეთ რა ხდება სხვა ქვეყნებში. აქ კოვიდპანდემიის უდიდესი გავლენაა და რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებელი ექნებოდა. ახლა იცით, რომ გაუარესებული არ არის, მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აშშ, ევროპის ქვეყნებს გაუარესებული მდგომარეობა აქვთ. იმიტომ რომ ამ პერიოდში კოვიდპანდემიას განათლებაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. აქედან ძალიან კარგად ჩანს, რომ საქართველო კოვიდპანდემიის გამოწვევებს კარგად გაუმკლავდა. სხვა შემთხვევაში ეს რიცხვები კიდევ უფრო გაუარესებული იქნებოდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კმაყოფილები ვართ ან თავს ვიწონებთ ამ შედეგებით.
სწორედ ეს რეფორმები, თითოეული მათგანი, მას უკან არის ძალიან დიდი სამუშაო გასაწევი, უახლოეს რამდენიმე წელიწადში იმ შედეგამდე მიგვიყვანს, რომ Pisa-ს შედეგები და სკოლებში განათლების ხარისხიც მკვეთრად იქნება გაუმჯობესებული“, - განაცხადა მინისტრმა.