საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, განათლების სისტემაში გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „ზოგადი განათლების რეფორმის“ პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, სისტემაში გამოწვევები კვლავაც რჩება, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, განათლების სისტემას ძალიან დიდი დარტყმა მიადგა. განათლების განვითარების და ტრანსფორმაციის არაერთი მცდელობა იყო, შემდეგ იყო 2004 წელს ჩატარებული ეს ვითომ რეფორმები, მაშინ შეიძლება ითქვას სისტემა თითქმის მთლიანად მოანგრიეს და ახლებური ხედვა იყო წარმოდგენილი, რომელიც ახალგაზრდებზე ახალი ექსპერიმენტების ჩატარებას ემსახურებოდა. მათ ახალი ქართველის, ახალი ახალგაზრდის გამოყვანა სურდათ, რეალურად ეს იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა და დნმ-ი. ეს იყოს აბსოლუტურად გაუაზრებელი ილუზია და უტოპია, რომელიც ძალიან მალე დასრულდა.
ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენმა არაერთმა მინისტრმა ძალიან ბევრი სიახლეები წამოიწყო, ბევრი საქმე გააკეთა, მაგრამ გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება. ჩვენს მინისტრს ძალიან კარგი, გააზრებული ხედვა აქვს. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ამ საკითხებზე. ჩვენთვის მთავარი ხარისხიანი განათლებაა, ეს ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად რჩება და ამაზე არაერთი კვლევა მიუთითებს“, - განაცხადა პრემიერმა.