მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელად ირინე მარგიშვილი დაინიშნა

პროფესიული უნარების სააგენტო

პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელად ირინე მარგიშვილი დაინიშნა - განათლების მინისტრის ყოფილი მრჩევლის ახლად შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მას გიორგი ამილახვარის მრჩევლის თანამდებობა 2023 წლის ბოლოდან ეკავა, ამჟამად კი “ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოს” დირექტორია. BM.GE-ის ინფორმაციას უდასტურებენ სააგენტოსა და განათლების სამინისტროში.

ირინე მარგიშვილის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია თბილისში, ბაგებში, 175,08 კვ.მ. ფართობის მქონე ბინა, რომელიც მარგიშვილმა 3,380,000 ლარად შეიძინა. სააგენტოს დირექტორის მფლობელობაშია აგარაკი ბაკურიანში, რომლის ღირებულებაც 160,000 ლარია. დეკლარაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ იგი ბაგებშივე ფლობს ორ ავტოფარეხს, რომელთა ღირებულებაც 12,000-12,000 ლარია. მარგიშვილის საკუთრებაშია 100,000 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილი და 10,000 ლარად შეძენილი ავტომობილი - Volkswagen Golf Plus, 2008 წლის გამოშვება.

მარგიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ მან განათლების სამინისტროში, მინისტრის მრჩევლის თანამდებობის შესრულებისას, 14,787.17 ლარის შემოსავალი მიიღო. მანამდე, 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე იგი საქართველოს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა, საიდანაც მისი ანაზღაურება 30,644.46 ლარი იყო. მარგიშვილი ასევე დამფუძნებელია კომპანია “იქსიორისა”, საიდანაც გასულ წელს მისი შემოსავალი 13,200 ლარი იყო.

პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს 125,000 დოლარის შემოსავალს უძრავი ქონების გაყიდვიდან და 4,393.88 ლარს სალიზინგო ხელშეკრულებიდან.

პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე, თამარ ქიტიაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ირინე მარგიშვილის დანიშვნაზე BM.GE ჯერ კიდევ მარტში წერდა. მაშინ განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი გვიდასტურებდა, რომ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი უკვე არჩეული იყო, თუმცა საზოგადოებისთვის მისი ვინაობა “შემდეგ კვირაში, ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ” უნდა გამხდარიყო ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები