„თბილისის თავისუფალი სკოლის“ დირექტორის ამირან ამბროლაძის შეფასებით, PISA 2022-ის ანგარიშში საქართველოს მოსწავლეების შედეგები ყველას ბრალია, მაგრამ პირველ რიგში - მშობლების. ის ფიქრობს, რომ მშობლები უფრო მეტად მომთხოვნები უნდა იყვნენ სწავლის ხარისხის და ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ.
„შარშან ერთი კვლევა ჩატარდა. მშობლებს ჰკითხეს, რამდენად კმაყოფილი არიან სასკოლო განათლებით. 80%-მა თქვა, რომ კმაყოფილია, 15%-მა არ იცის, კმაყოფილია თუ - არა; მხოლოდ 5% იყო უკმაყოფილო; რა თქმა უნდა, PISA 2022-ის ანგარიშში საქართველოს მოსწავლეების არასახარბიელო შედეგებს ბევრი სხვა მიზეზი აქვს, მაგრამ ის, რომ ჩვენ კრიტიკული არ ვართ და მეტს არ ვითხოვთ განათლების სისტემისგან, ეს დიდი პრობლემაა“, - თქვა ამირან ამბროლაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.
PISA 2022-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც შარშან წლის ბოლოს გამოქვეყნდა, 15 წლის ქართველი მოსწავლეების ცოდნა და უნარები მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 2018 წელთან შედარებით არ გაუმჯობესებულა.
სად არის გამოსავალი? – „ალბათ კერძო სკოლების განვითარებაში“ - თქვა „თავისუფალი სკოლის“ დირექტორმა „წერტილთან“ ინტერვიუში და PISA 2022-ში კერძო სკოლის შედეგები მოიშველია, რომლის თანახმად, კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში, ასევე კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
ამირან ამბროლაძე მიიჩნევს, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრომ კერძო სკოლებს უფრო მეტი თავისუფლება უნდა მისცეს. ასევე, მისი აზრით, სახელმწიფო თანაბარ თანხას უნდა ხარჯავდეს თითო მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსებისთვის, მიუხედავად იმისა, კერძო სკოლაში სწავლობს ის, თუ - საჯაროში. „თავისუფალი სკოლის“ დირექტორის თქმით, ასეთი მიდგომა, კერძო სკოლებში სწავლის საფასურის შემცირებას შეუწყობს ხელს, რაც უფრო ხარისხიანი განათლებისადმი ხელმისაწვდომობას გაზრდის.
„წერტილთან“ ინტერვიუში ამირან ამბროლაძემ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მინისტრის მიერ დაანონსებული განათლების სისტემის რეფორმირების არასტაბილურობის მიზეზებზეც ისაუბრა.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოში განათლების მინისტრი ბევრჯერ შეიცვალა. ერთი მინისტრის მინისტრობის პერიოდი, საშუალოდ, 1.5 წელია. ეს ძალიან ცოტაა. მე მთელი ცხოვრება განათლების სექტორში ვარ და ჯერ კიდევ იმდენ რამეს ვსწავლობ და 1.5 წელი არაფერი არ არის იმისთვის, რომ მინისტრი ყველა საკითხში გაერკვეს; სანამ რეფორმებს დაიწყებს, უკვე მოხსნილია და სისტემას ახალი მინისტრი ჰყავს. განათლების სისტემის რეფორმის არასტაბილურობის ერთ-ერთი პრობლემა ეს არის. საით უნდა წავიდეთ? - ალბათ კერძო სკოლებისკენ... PISA 2022-ის შედეგებმაც აჩვენა, რომ კერძო სკოლებში უკეთესი ვითარება, ვიდრე - საჯაროში. თუ ძალიან კარგი კერძო სკოლების შედეგებს, ავიღებთ, ევროპის ქვეყნების სკოლების შედეგებსაც მივუახლოვდებით და შეიძლება, გადავუსწროთ კიდეც, თუმცა ისიც არაა დასამალი, რომ ბევრი კერძო სკოლა საჯარო სკოლების შედეგებს ჩამორჩება“, - განაცხადა ამირან ამბროლაძემ.