მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრი მშობლისთვის სკოლა გასართობი ცენტრის ნაირსახეობაა“ ანუ რას „აშავებენ“ მშობლები? - ინტერვიუ

თავისუფალი სკოლა

„თბილისის თავისუფალი სკოლის“ დირექტორის ამირან ამბროლაძის შეფასებით, PISA 2022-ის ანგარიშში საქართველოს მოსწავლეების შედეგები ყველას ბრალია, მაგრამ პირველ რიგში - მშობლების. ის ფიქრობს, რომ მშობლები უფრო მეტად მომთხოვნები უნდა იყვნენ სწავლის ხარისხის და ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ. „ბევრი მშობლისთვის სკოლა გასართობი ცენტრი ნაირსახეობაა“ - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ კერძო სკოლებშიც კი, სადაც სწავლის საფასური რამდენიმე ათასი დოლარია, მშობლების ნაწილისთვის სწავლის ხარისხი ნომერ პირველი პრიორიტეტი არაა.

"PISA-ს ანგარიშში მოსწავლეების შედეგები ყველას ბრალია, პირველ რიგში - მშობლების" - მოსაზრება

- მშობლებმაც უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება. ყოველ შემთხვევაში, მათ, ვისაც აქვს სურვილი, რომ მათმა შვილმა ისწავლოს. შეიძლება, თქვენ იფიქროთ, რომ ყველა მშობელს აქვს სურვილი, ბავშვმა განათლება მიიღოს, მაგრამ ასე არ არის; ბევრი მშობელია, სხვათა შორის, თავისი საზომით წარმატებული, რომელიც ჩემთან მოდის და მეუბნება, რომ "თქვენგან არც ქიმიის სწავლა მინდა, არც - მათემატიკის და არც - ქართულის, უბრალოდ, მინდა, ბავშვი ბედნიერი და მხიარული იყოს" ანუ ბევრი მშობლისთვის სკოლა გასართობი ცენტრის ნაირსახეობაა... ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო კლასებში მაინც რეპეტიტორებთან მოამზადებენ ბავშვებს...

- მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლაში ამდენ თანხას იხდიან? – „თავისუფალ სკოლაში“ სწავლის წლიური საფასური ხომ 3900 დოლარიდან იწყება...

- დიახ. ამ თანხას ისინი იხდიან პრესტიჟში და იმისთვის, რომ საჯარო სკოლასთან შედარებით, კერძო სკოლა უსაფრთხოა... ფიქრობენ, რომ მერე შვილებს რეპეტიტორთან მოამზადებენ და იმდენი უნივერსიტეტია გახსნილი, ძალიან უნდა მოინდომოს ბავშვმა, რომ სადმე ვერ ჩააბაროს. თუ დიდ ფულს გადაიხდიან, საუკეთესო - არა, მაგრამ უცხოურ უნივერსიტეტებშიც მოხვდებიან და შემდეგ იტყვიან - „მე ლონდონში ვსწავლობდი“...

- სკოლებში სწავლის არასახარბიელო ხარისხის მიზეზები რომ დავაჯგუფოთ, რა წვლილი აქვს მშობელს და რა - განათლების სისტემას?

- მშობლები და სახელმწიფო - ეს არის ერთი სხეულის ორი სხვადასხვა ნაწილი. მშობლების როლზე უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება სახელმწიფოს, დიახ მას აქვს თავისი ბრალეულობა. მაგალითად, როდესაც ავტორიზაციის მინიჭებისას სკოლას ამოწმებენ, ამოწმებენ არა - შედეგებს, არამედ - ქაღალდებს. რას ვგულისხმობ - ჩვენ რომ ავირჩიოთ თონე, რომელიც ყოველდღე სახლში გვიგზავნის გამომცხვარ პურს; თონეში მისვლისას, პირველ რიგში, რას შევამოწმებთ? - რამდენად გემრიელია პური. ისინი <განათლების სამინისტრო> ამოწმებენ ქაღალდებს; გვაქვს თუ არა სათანადო რაოდენობის სკამი და ა.შ. მოკლედ, სკოლების ავტორიზაციის სისტემა ძალიან ბიუროკრატიულია. ამოწმებენ დოკუმენტებს და არა შედეგებს ანუ ბავშვი რომ სწავლობს, რა შედეგი აქვს?! შედეგს იმიტომ არ ამოწმებენ, რომ ძალიან სავალალო იქნება... „თბილისის თავისუფალ სკოლაში“ ძალიან ბევრს უნდა გადმოსვლა; მოდიან მეცხრე კლასში და აღმოჩნდება, რომ მესამე - მეოთხე კლასის შემდეგ, ბავშვს არაფერი უსწავლია. საერთოდ ცარიელია, თან ცხრა-ათი ქულა უწერია...

- ყალბი ნიშნების დაწერისთვის ისევე უნდა ისჯებოდნენ, როგორც ყალბი კუპიურების დაბეჭდვისთვის - ერთ-ერთ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი...

- დიახ. ასე ვფიქრობ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები